ხვალიდან ავტომობილების განმეორებითი ტექინსპექტირება ფასიანი ხდება
პირველი თებერვლიდან მანქანის განმეორებითი ტექინსპექტირება ფასიანი ხდება. ავტოსატრანსპორტო საშუალების განმეორებით ტექნიკურ ინსპექტირებაზე „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების პერიოდულობა და საფასურები“ (დამტკიცებული საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №37 დადგენილებით) შეტანილი ცვლილებით (საქართველოს მთავრობის 2022 წლის 9 დეკემბრის №562 დადგენილება) დგინდება საფასურები შემდეგი განაკვეთებით:
მძიმეწონიანი სატვირთო და სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის (M2, M3, N2, N3 – კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისთვის) – 30 ლარი;
მსუბუქი სამგზავრო (M1 კატეგორია) და სატვირთო (N1 კატეგორია) ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის, და მისაბმელებისთვის (O3, O4) – 20 ლარი;
ელექტრომობილებისთვის (M1 კატეგორია) – 15 ლარი.
ამ დრომდე ეს მომსახურება უფასო იყო. ფასის დაწესების შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 9 დეკემბერს მიიღო.