გიორგი ცუცქირიძე ხოშტარია-ჯაფარიძე-ვაშაძის ახალ ინიციატივაზე: ეს არის მორიგი პიარ სვლა ოპოზიციური ღრმა კრიზისის გადასაფარად

„ახალ „ეროვნულ მოძრაობად“ გამოცხადებულთა თავყრილობა იმითაც იყო საინტერესო, რომ წარსულის სხვადასხვა დაპირისპირებულ ბანაკებში მყოფი პერსონების ხილვით, ის ღრმა კრიზისი ვიხილეთ, რომელშიც ქართული ოპოზიციური ფლანგია შესული! – ამის შესახებ ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმიანება სამი ოპოზიციური პარტიის – „დროას“, „სტრატეგია აღმაშენებლის“ და „გირჩი მეტი თავისუფლების“ მიერ ახალი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის შესახებ გაკეთებულ განცხადებას.

როგორც ცუცქირიძე აღნიშნავს, ეს არის მორიგი პიარ სვლა ოპოზიციური ღრმა კრიზისის გადასაფარად.

„ახალ „ეროვნულ მოძრაობად“ გამოცხადებულთა თავყრილობა იმითაც იყო საინტერესო, რომ სხვადასხვა ინტერეს ჯგუფების თუ პოლიტიკური გემოვნების საზოგადოების შეკრებით არა ერთიანობის დემონსტრირება ვიხილეთ, წარსულის სხვადასხვა დაპირისპირებულ ბანაკებში მყოფი პერსონების ხილვით, არამედ ის ღრმა კრიზისი, რომელშიც ქართული ოპოზიციური ფლანგია შესული!

არც ეს იდეა იმუშავებს, თითქოსდა დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი პირები და ამ დამოუკიდებლობის იარაღით დამხობის თანამონაწილენი ერთად დადგნენ ეროვნული კატასტროფის თავიდან ასაცილებლად!

არა მგონია თუნდაც ამ იდეის გამამჟღავნებელმა სამეულმა არ იცოდეს, რომ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, რომელიც მე-19 საუკუნის დასაწყისიდან იღებს სათავეს და უწყვეტად გრძელდებოდა გასული საუკუნის 90-იან წლებამდე, მეფის რუსეთის და შემდგომ უკვე წითელი იმპერიის იგივე სსრკ-დან საქართველოს გამოყოფის და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა იყო!

დამოუკიდებლობა კი, რომელიც საქართველომ გასული საუკუნის 90-იან წლებში მოიპოვა, იყო თავისებური დაგვირგვინება ქართველი პატრიოტების თავგანწირული ბრძოლისა, რასაც მათი დიდი ნაწილი შეეწირა კიდეც, სოლომონ დოდაშვილით დაწყებული, ილია ჭავჭავაძით გაგრძელებული და ზვიად გამსახურდიათი და მერაბ კოსტავათი დამთავრებული. დამოუკიდებლობაც დიდწილად თანამედროვეობის ამ ორმა დიდმა ქართველმა ზვიადმა და მერაბმა მოიტანეს და ზვიადის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებაც სიმბოლური იყო!

აბა მაშინ ეროვნულ მოძრაობას ვისგან გამოსაყოფად ან ქვეყნის გადასარჩენად ქმნიან, “რუსეთუმე” ხელისუფლებისაგან? ცოტა არასერიოზული ხომ არ არის?

21 საუკუნეში თუ ხელისუფლება არ მოგწონს ან თვლი, რომ მისი კურსი არის ქვეყნისათვის დამღუპველი, ორი გზა არსებობს – საპარლამენტო არჩევნები და იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება დაარღვევს კონსტიტუციას სახალხო პროტესტი, აჯანყების ჩათვლითაც კი!

მაგრამ საქმეც იმაშია, რომ „ქართულ ოცნებას“ არც კონსტიტუცია დაურღვევია, არც საგარეო კურსი შეუცვლია და არც ნატოს ჩანაწერზე უთქვამს უარი! საპარლამენტო არჩევნებს რაც შეეხება აგერ უკვე მეთერთმეტე წელია, რაც „ოცნება“ ხელისუფლებაშია და ოპოზიციამ ცალ-ცალკეც და გაერთიანებულმაც ყველა დონის არჩევნები უშანსოდ წააგო, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურს თუ არ მივიღებთ მხედველობაში და ისიც სულ სხვა ფაქტორების გამო!

ჩემი შეფასებით, თუ მთავარი ოპოზიციური ფლანგის, „ნაციონალების“ შიგნით მიმდინარე უცილობელი რღვევის პროცესსაც მივიღებთ მხედველობაში, ეს არის მორიგი პიარ სვლა ოპოზიციური ღრმა კრიზისის გადასაფარად, ამასთან, ოპოზიციის ნაწილის მიერ, ფაქტობრივად იწყება მზადება 2024 წლის არჩევნებისათვის და ნაციონალური სკეპტიკურად განწყობილი ელექტორატის მისამხრობად!

„ნაციონალების“ ფაქტობრივად დაშლის გაფორმება თუ როდის მოხდება, ამასაც დიდი მნიშვნელობა არა აქვს, ახლა მოხდება თუ 2024 წლისათვის, რადგან ოპოზიციური ფლანგის მთავარ მოთამაშეთა რეიტინგები ამის კარგი ინდიკატორია.

2023 წელს აშკარად დასუსტებული და დაპირისპირებულ ჯგუფებად დაშლილი ხვდება „ნაციონალური მოძრაობა“, მაგრამ მიუხედავად რეიტინგის სერიოზული ვარდნისა, რითაც ორჯერ ჩამორჩება „ქართულ ოცნებას“, თავის მხრივ აღემატება დანარჩენი ოპოზიციური პარტიების დაჯამებულ რეიტინგსაც!

ჩვენ გასულ წლებში ბევრი მსგავსი დათქმები და ემოციები გვინახავს ხელისუფლებას, რომ ამთავრებდნენ და რითაც დასრულდა ისიც. ოპოზიცია და მისი მხარდამჭერი მედია პლატფორმაც კარგავდა რეიტინგებს სწორედ რადიკალური ხასიათის და ზოგჯერ უტოპიური მოთხოვნებიდან გამომდინარე, რაც ქართველი ხალხის ინტერესთან იყო ხშირად მკვეთრად აცდენილი! უკრაინის ომით მუდმივი სპეკულირება და მოქმედი ხელისუფლებისათვის რეპუტაციული ზიანის მიყენების მცდელობები, მათ შორის სანქცირებული პროდუქციის დერეფანზე უარგუმენტო განცხადებებით ისევ ქვეყნისათვის ხდება საზიანო, რასაც მოსახლეობა კარგად ხედავს და ხვდება თუ ვის ინტერესში შეიძლება იყოს,  ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც!

ასევე მეტად საეჭვოა მათ არსებული დღის წესრიგი შეცვალონ, როდესაც გასულ ათწლეულში არც ერთი რაიმე მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივა ეკონომიური ან სოციალური კუთხით პრაქტიკულად არ დაუყენებიათ დღის წესრიგში!

ვფიქრობ, ოპოზიცია – „ნაციონალები“ თავისი ყოფილი, მოქმედი თუ აფილირებული პოლიტჯგუფებით 2024 წლის არჩევნებზე შეცვალოს ხელისუფლება ნულოვანი ალბათობით მიდის, რადგან რამე რომ შეცვალო, ჯერ თავად უნდა თვისობრივად გარდაიქმნა და შექმნა ალტერნატივა, უკეთესი მომავლის პერსპექტივით!

საქართველო მიმდინარე წელს ევროკავშირის კანდიდატის სტატუს დიდი ალბათობით მიიღებს, უკვე ინიცირებული გლობალური პროექტები, რაც შუა დერეფნის ფუნქციას მნიშვნელოვან პოლიტიკურ დატვირთვას ანიჭებს, ამის მანიშნებელია.

„ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანაც ამ გლობალურ გეოპოლიტიკურ შტორმში გემის სამშვიდობოზე გაყვანა და ქვეყნის 2024 წლის არჩევნებამდე მიყვანა იქნება!“, – წერს გიორგი ცუცქირიძე Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები