საქართველოს კულტურის პალატა მანანა დოიჯაშვილის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს კულტურის პალატა ქართველი პიანისტის მანანა დოიჯაშვილის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახს, კოლეგებს, სტუდენტებს, ქართულ და მსოფლიო მუსიკალურ საზოგადოებრიობას უსამძიმრებს.

“ქართულმა კულტურამ უდიდესი მოღვაწე დაკარგა. გარდაიცვალა ქართველი პიანისტი, საქართველოს სახალხო არტისტი, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის რექტორის მოადგილე, პროფესორი, საქართველოს მუსიკალური კონკურსების ფონდის დირექტორი, გამორჩეული ხელოვანი და პედაგოგი მანანა დოიჯაშვილი.

მუსიკის სამყაროში 7 წლის ასაკიდან შეაბიჯა. 12 წლის გახლდათ, როდესაც დიდი წარმატებით დაუკრა შუმანის საფორტეპიანო კონცერტი. 1965 წელს გახდა ამიერკავკასიის მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურსის ლაურეატი.

მანანა დოიჯაშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია პროფესორ თენგიზ ამირეჯიბის ხელმძღვანელობით.

1970 წელს ბუქარესტში ენესკუს სახელობის კონკურსზე, 1974 წელს ჩეხოსლოვაკიაში, სმეტანას სახელობის კონკურსზე და 1977 წელს სიდნეის პირველ საერთაშორისო კონკურსებზე გამარჯვებებმა მას დიდი აღიარება მოუტანა.

მანანა დოიჯაშვილის საშემსრულებლო ხელოვნებას კარგად იცნობენ და აღიარებენ რუსეთის, ბულგარეთის, ფინეთის, ამერიკის, ესპანეთის, ავსტრიის, გერმანიის, არგენტინის, კორეის, ავსტრალიის და მრავალი ქვეყნის კლასიკური მუსიკის მოყვარულები და მუსიკოსები.

მანანა დოიჯაშვილის დიდი ძალისხმევით და თაოსნობით თბილისის კონსერვატორიის დიდი დარბაზი მუსიკალურ ცხოვრებას დაუბრუნდა.

მანანა დოიჯაშვილი გახდა საქართველოში მუსიკალური კონკურსების სულის ჩამდგმელი.

1995 წელს დაარსდა საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურსი.

1997 წელს საფუძველი ჩაეყარა თბილისის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსს.

მანანა დოიჯაშვილის ინიციატივით და თაოსნობით დაარსდა ყოველწლიური ფესტივალი – „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“.

2002 წელს მისივე ინიციატივით ჩამოყალიბდა „ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო სიმპოზიუმი“ და „ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო კვლევის ცენტრი“ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში. სწორედ მისი რექტორობის პერიოდში (2000-2011 წ.წ.) მთლიანად აღდგა კონსერვატორიის ისტორიული შენობის ინფრასტრუქტურა და შეიქმნა კონსერვატორიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.

მანანა დოიჯაშვილი არაერთი ჯილდოს და წოდების მფლობელია. ეს ჩამონათვალის არასრული სიაა:

1999 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით; 2003 წელს მიიღო ქართველი მუსიკოსებისათვის უმაღლესი ჯილდო – ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემია; 2004 წელს რუსეთის საშემსრულებლო ხელოვნების ფონდის პრემიით; 2005 წელს მანანა დოიჯაშვილს მიენიჭა საფრანგეთის რესპუბლიკის „ლიტერატურისა და ხელოვნების ორდენის რაინდის“ და „მშვიდობის ელჩის“ საპატიო წოდებები.

ფასდაუდებელია მანანა დოიჯაშვილის ღვაწლი საქართველოში კლასიკური მუსიკალურ-კულტურული ხელოვნების განვითარებასა და წარმატებაში.

საქართველოს კულტურის პალატა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს ოჯახს, კოლეგებს, სტუდენტებს, ქართულ და მსოფლიო მუსიკალურ საზოგადოებრიობას”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები