უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა.
ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
“თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დავწერე. მინდა ცივილური ქცევის მაგალითი ვაჩვენო: ფუნდამენტურ შეცდომას დაუშვებ, ესეიგი – უნდა გადადგე”, – წერს არესტოვიჩი.
14 იანვარს არესტოვიჩმა განაცხადა, რომ დნიპროში მრავალსართულიანი საცხოვრებელი შენობა, შესაძლოა დაზიანებულიყო უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ ჩამოგდებული რაკეტით.
თავის მხრივ, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებში თქვეს, რომ კორპუსს კურსკის ოლქიდან გაშვებული X-22 ტიპის რაკეტა მოხვდა, უკრაინელ დამცველებს კი, არ აქვთ აღჭურვილობა, რომელსაც ასეთი ჭურვების ჩამოგდება შეუძლია.
დნიპროს მერმა, ბორის ფილატოვმა მოუწოდა უკრაინის უშიშროების სამსახურს და კონტრდაზვერვას, არესტოვიჩის განცხადებებს ყურადღება მიაქციონ.
უკრაინის რადას დეპუტატებმა კი, პრეზიდენტის სახელზე ხელმოწერის შეგროვება დაიწყეს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ არესტოვიჩი თანამდებობიდან გაათავისუფლოს.
„დროა, არესტოვიჩი გადადგეს! მისი განცხადება სრულიად აკმაყოფილებს სახელმწიფო ღალატის კრიტერიუმებს“, – განაცხადა ოლექსი გონჩარენკომ.
გუშინ კი, არესტოვიჩმა ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ დაშვებული შეცდომა არ არის მის მიმართ გაჩენილი კრიტიკის ტალღის შესაბამისი და დასძინა, რომ მის განცხადებას არანაირი სამართლებრივი შედეგი არ მოჰყოლია.
მან ბოდიში მოუხადა ტრაგედიაში დაღუპულთა ახლობლებსა და მეგობრებს, დნიპროს მცხოვრებლებს, ასევე უკრაინელებს, რომლებსაც მისმა სიტყვებმა შეურაცხყოფა მიაყენა.