„სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით სასოფლო, თუ მუნიციპალურ ბიბლიოთეკებში დროშებს გავავრცელებთ“ – მირიან ხოსიტაშვილი

სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით წელს ჩვენი მნიშვნელოვანი აქტივობა იმას გულისხმობს, რომ ყველა, სასოფლო, თუ მუნიციპალურ ბიბლიოთეკაში დროშებს გავავრცელებთ, არა მხოლოდ 14 იანვარს, არამედ მთელი წლის განმავალობაში სხვადასხვა ღონისძიება მოეწყობა, – ამის შესახებ ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, მირიან ხოსიტაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ხოსიტაშვილმა სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით ისაუბრა, რომელიც ხვალ, 14 იანვარს აღინიშნება.

მისი თქმით, დროშა ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სიმბოლოა, მისი პატივისცემა საქართველოს პატივისცემას, ქართული სახელმწიფოებრიობის დაფასებას ნიშნავს.

„საქართველოს სახელმწიფო ეროვნული დროშა გერბთან ერთად სახელმწიფოებრიობის მთავარი სიმბოლოა. საქართველოს ყველა მოქალაქე, გარკვეულწილად, ვალდებულია, დროშას, როგორც ქვეყნის სიმბოლოს პატივი სცეს. კარგად ვიცით, რომ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ეროვნულ დროშას განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ, ეს როგორც სახალხო ამბად იქცევა ხოლმე. ჩვენთვისაც, ქართველებისთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. 14 იანვარი, როგორც დროშის აღნიშვნის დღე, განსაკუთრებულია. ამ მხრივ ეროვნული ბიბლიოთეკა ბევრ აქტივობას აკეთებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ის ადგილი, სადაც ხუთჯვრინი დროშის მიღება-არმიღებაზე იყო მსჯელობა, სწორედ ეროვნულ ბიბლიოთეკაშია, საკონფერენციო დარბაზია, სადაც ზუსტად 20 წლის წინ ჰერალდიკის საბჭო სხვა სპეციალისტებთან ერთად იყო შეკრებილი და მსჯელობდნენ, შეეცვალათ, თუ არა სახელმწიფოს ეს სიმბოლო. ამ დარბაზს უკვე ეროვნული დროშის დარბაზი ჰქვია, სადაც პორტუანებია განთავსებული. ესაა საკონფერენციო სივრცე და იქ თავს უამრავი ადამიანი იყრის ხოლმე. სიმბოლური იყო, რომ ადამიანების სანახავად ის პორტუანები გამოვიტანეთ, რომლებზეც შუა საუკუნეების განმავლობაში ევროპელმა მოგზაურებმა საქართველოს აღმნიშვნელად სწორედ ხუთჯვრიანი დროშა გამოსახეს. ყველას შეუძლია, პრაქტიკულად, ისტორიული დოკუმენტები ნახოს – რატომ გვაქვს სახელმწიფო სიმბოლოდ ხუთჯვრიანი დროშა. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქ საქართველოს ის დროშაა, რომელიც 2004 წელს პარლამენტში იყო გადმოფენილი და ხელი როგორც სიმბოლოს მოეწერა.

მოგეხსენებათ, ეროვნული ბიბლიოთეკა რეგიონული, სასოფლო ბიბლიოთეკების მეთოდური ხელმძღვანელია. წელს ჩვენი მნიშვნელოვანი აქტივობა იმას გულისხმობს, რომ ყველა, სასოფლო, თუ მუნიციპალურ ბიბლიოთეკაში დროშებს გავავრცელებთ, არა მხოლოდ14 იანვარს, არამედ მთელი წლის განმავალობაში სხვადასხვა ღონისძიება მოეწყობა. სოფლად, თუ ქალაქად ბიბლიოთეკებში შეიკრიბებიან ახალგაზრდები, უფროსი თაობა, თემატური მსჯელობა იქნება, თუ რატომ უნდა იყოს დროშა განსაკუთრებულად პატივცემული, რატომ უნდა მიაგონ პატივი. სასოფლო ბიბლიოთკებსაც სიმბოლურად დროშებს დავურიგებთ. ყველგან, საბიბლიოთეკო სივრცეში, სადაც ადამიანი შევა, ეროვნული სიმბოლიკა დახვდება. ვეცდებით, დროშების იმდენად დიდი რაოდენობა წავიღოთ, რომ ნებისმიერმა ვიზიტორმა ბიბლითეკიდან სახლში სიმბოლურად პატარა დროშის წაღება შეძლოს. დროშა ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სიმბოლოა, მისი პატივისცემა საქართველოს პატივისცემას, ქართული სახელმწიფოებრიობის დაფასებას და პატივისცემას ნიშნავს.

ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ გარკვეული ტექსტი შევქმენით იმის შესახებ, თუ   რას ნიშნავს ეროვნული დროშა, თავის ისტორიით, რატომ მაინც და მაინც ხუთჯვრიანი დროშა. ყველა დოკუმენტი ერთ თემადაა მოქცეული. სასოფლო, მუნიციპალურ  ბიბლიოთკებს, ბიბლიოთეკარებს  ამ ტექსტს ვურიგებთ, რათა ახალგაზარდებს გააცნონ,“ – განაცხადა ხოსიტაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები