ირაკლი ლექვინაძე – საწვავის ფასზე: მოსალოდნელია ფასის კორექტირება შემცირების მიმართულებით

შესაძლოა, ბაზარზე ადგილი ჰქონდეს ფასების დაკლების მიმართულებით კომპანიების მხრიდან არაკეთილსინდისიერ ქცევას, დაწყებულია მოკვლევა, – ამის შესახებ კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მარტიდან დღემდე ყველა ტიპის საწვავზე ღირებულება ლარზე მეტით არის შემცირებული.

როგორც მან ჟურნალისტებს განუმარტა, მომავალში ფასის დაკლება კვლავ მოსალოდნელია.

„კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ 2022 წელს აგვისტოში დაასრულა ბაზრის მონიტორინგი საავტომობილო საწვავთან დაკავშირებით. მონიტორინგმა გვიჩვენა, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი, აღნიშნულ საკითხზე მოკვლევა დავიწყოთ. მოკვლევა დაწყებულია აგვისტოს თვეში ხუთი მსხვილი რეალიზატორი კომპანიის წინააღმდეგ. თემა ეხება ბაზარზე შესაძლო არაკეთილსინდისიერ ქცევას ან შესაძლო შეთანხმებულ ქმედებას, რადგანაც ჩვენი მონიტორინგის პროცესში დავინახეთ, რომ რუსეთიდან იმპორტირებული საწვავის შემთხვევაში გაიაფებული იმპორტის ასახვა სათანადოდ არ ხდებოდა დროში ოპტიმალურ პერიოდში, ევროპიდან იმპორტირებული საწვავის შემთხვევაში საბაჟო საწყობიდან კონკურენტ კომპანიებზე ხდებოდა დაახლოებით 75 ლარის ფარგლებში უფრო იაფად მიყიდვა, ვიდრე საკუთარ ქსელში ხდებოდა აღნიშნულის შეტანა. ჩვენი მოკვლევა მიმდინარეობს, ხომ არ უკავშირდებოდა ეს ყველაფერი კომპანიების მხრიდან არაკეთილსინდისიერ ქცევას ან შესაძლო შეთანხმებულ ქმედებას. თებერვლის თვეში ჩვენ საბოლოო გადაწყვეტილებას ან შუალედურ გადაწყვეტილებას გავაცნობთ დაინტერესებულ მხარეებს“, – განაცხადა ლექვინაძემ.

მისი თქმით, საწვავზე ფასების კვლავ დაკლების წინაპირობები არსებობს.

„ჩვენ ვამუშავებთ რეკომენდაციებს, რა უნდა გაკეთდეს, რომ აღნიშნულ შეკითხვებზე პასუხები იყოს მაქსიმალურად გაცემული, ბაზარი იყოს უფრო კონკურენტული, გამჭვირვალე. მარტიდან დღემდე საწვავზე ფასმა ლარზე მეტად იკლო. ამის განმაპირობებელი ფაქტორი არის საერთაშორისო ფასები, რომელიც დღეს მნიშვნელოვნად მოკლებულია და ეროვნული კურსის მყარი ტენდენცია ბოლო პერიოდში. ამ ყველაფერმა რა თქმა უნდა ბაზარზე იმოქმედა. თუმცა, დღესაც ვთვლით, რომ კიდევ უფრო შესაძლებელია, მოსალოდნელია ფასის კორექტირება შემცირების მიმართულებით. დღევანდელი წინაპირობები ჩვენ ამის თქმის საფუძველს გვაძლევს“, – განაცხადა ლექვინაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები