გივი მიქანაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას საარჩევნო რეფორმებზე მიაწოდა ინფორმაცია
საქართველოს პარლამენტის საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი, გივი მიქანაძე საქართველოში ვიზიტად მყოფ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ფარა კარიმს და ამავე კომიტეტის მომხსენებელ იოჰან ბიუზერს შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, დელეგაციის წარმომადგენლებს გივი მიქანაძე საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებულ სიახლეებზე ესაუბრა და ასევე მიაწოდა ინფორმაცია საკანონმდებლო ორგანოში ამ მიმართულებით, 2020 წლიდან სამ ტალღად განხორციელებულ ეტაპებზე.
„შეხვედრისას მიმოვიხილეთ 2020 წლიდან 2022 წლის ჩათვლით, საქართველოს პარლამენტში გატარებული საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმა და ყველა ის მნიშვნელოვანი მიღწევა, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში საარჩევნო კანონმდებლობასთან მიმართებაში გატარდა. ჩვენ ვისაუბრეთ 2024 წლიდან ელექტრონული საარჩევნო სისტემის შემოღებაზე. ასევე, იმ მექანიზმებზე, რომელიც ამ სამი წლის განმავლობაში გამკაცრდა და ჩაიდო კანონმდებლობაში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების აკრძალვასთან და პრევენციასთან მიმართებაში. საუბარი ასევე, გვქონდა საარჩევნო კომისიის წარმომადგენელთა კომპეტენციის ამაღლებაზე, მათთვის სპეციალური სერტიფიცირების პროცესის განხორციელებაზე და იმ რეკომენდაციების შესრულებაზე, რომელიც ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის მიერ იყო წარმოდგენილი, რომელიც საქართველოს პარლამენტში ძალიან დეტალურად განვიხილეთ და უმეტესობა მათგანი ასახულია კანონმდებლობაში, რომელიც 2020-2022 წლებში პარლამენტმა დაამტკიცა”, – განაცხადა გივი მიქანაძემ შეხვედრის ბოლოს.
როგორც მან აღნიშნა, დელეგაციის წარმომადგენლებს ყველა კითხვაზე ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა. გივი მიქანაძემ შეხვედრა პოზიტიურად შეაფასა, ვინაიდან მონაწილეებმა დეტალურად მიიღეს სრულფასოვანი რეფორმის შესახებ ინფორმაცია, რომელიც ქვეყანაში საარჩევნო მიმართულებით განხორციელდა.