საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გივი მიქანაძე საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის განცხადებას ეხმაურება.
“ეს შეიძლება იყოს კიდევ ერთი მცდელობა, რომ საქართველო რაღაცნაირად ამ ომში იყოს ჩათრეული. კიდევ ერთხელ კატეგორიულად და ცხადად ვამბობთ, რომ ვერც ერთი მცდელობა (ვერ იქნება წარმატებული), სადაც საქართველო შეიძლება წარმოჩინდეს როგორც მხარედ ამ ომის და ომში ჩართვის საშიშროება არსებობდეს, ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ვერანაირი ნაბიჯი ვერ გადაიდგმება. ჩვენ პოლიტიკურად და ჰუმანიტარულად უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ, თუმცა, ჩვენ პირველ რიგში უზრუნველვყოფთ იმას, რომ ჩვენი ქვეყანა არ იყოს ჩათრეული საომარ მოქმედებებში და მშვიდობა იყოს უზრუნველყოფილი”, – განაცხადა მიქანაძემ.
ცნობისთვის, ანდრეი კასიანოვის განცხადებით, კიევმა ითხოვა „ბუკის“ კომპლექსების გადაცემა, რომლებიც უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადასცა. გარდა ამისა, უკრაინამ ითხოვა აშშ-ს მიერ საქართველოსთვის გადაცემული Javelin-ები. მისივე თქმით, ამ კომპლექსებთან დაკავშირებით არსებობდა არამხოლოდ აშშ-ს თანხმობა, არამედ მათი ახალი კომპლექსებით ჩანაცვლების წინადადებაც.