დავით უსუფაშვილი პარაგვაის საგარეო საქმეთა და ეკონომიკის მინისტრებს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი სამუშაო ვიზიტით საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად პარაგვაის რესპუბლიკაში იმყოფება.
როგორც პარლამენტის პრესსამსახურში აცხადებენ, ვიზიტის ფარგლებში ქართველმა დეპუტაციამ მაღალი დონის პირველი შეხვედრა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ, ელადიო ლოისაგასთან გამართა.
მათივე განმარტებით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
როგორც დავით უსუფაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველოსთვის ძალზედ მნიშვნელოვანია სამხრეთ ამერიკის ქვეყნებთან ახალი კონტაქტების დამყარება და აშკარაა, რომ ჩვენ გვაქვს დიდი პოტენციალი პარაგვაის ქვეყანასთან მრავალმხრივი ურთიერთობების გაღრმავების როგორც საერთაშორისო პოლიტიკის, ისე ბიზნესის და კულტურის თვალსაზრისით.
პარლამენტის თავმჯდომარემ პარაგვაის საგარეო საქმეთა მინისტრს ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას განუცხადა, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდა ევროპას და ბევრი მიმართულებით უფრო საინტერესო ქვეყანა გახდა.
რაც შეეხება საერთაშორისო ფორუმებში საქართველო-პარაგვაის ურთიერთობებს, აღინიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ პარაგვაისთვის რუსეთის ფედერაცია სიდიდით მეორე სავაჭრო პარტნიორია მსოფლიოში, იგი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ქვეყნის სუვერენიტეტს და ურთიერთობების გაღრმავების მზადყოფნას გამოთქვამს. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გამყარების მიზნით, შეხვედრაზე ასევე დაისვა პარაგვაის რომელიმე ევროპული ქვეყნის საელჩოს მიერ საქართველოს გადაფარვის საკითხი, რაზეც საგარეო საქმეთა მინისტრმა მსჯელობის დაწყებაზე მზაობა გამოხატა. ელადიო ლოისაგამ მადლობა გადაუხადა ქართველ დეპუტაციას პარაგვაიში სტუმრობის გამო და აღნიშნა, რომ მიუხედავად 4 წლის წინ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებისა, ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობები სწრაფად იზრდება და პარაგვაისთვის საინტერესო იქნება ქართველი ბიზნესმენების სტუმრობაც. სამუშაო ვიზიტის პირველ დღესვე საპარლამენტო დელეგაცია პარაგვაის ეკონომიკის მინისტრს შეხვდა. პარლმენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ეკონომიკის მინისტრთან იმ პოტენციალზე და რესურსებზე ისაუბრა, რაც დღეისათვის საქართველოში არსებობს.
“ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ პარაგვაელ ბიზნესმენებისთვის საქართველო შესაძლოა საინტერესო ქვეყანა გახდეს, რადგან ჩვენი ქვეყნის მდებარეობა და ხელმისაწვდომობა აზიის და ევროპის ახალი ბაზრების მოძიების საშუალებას იძლევა”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრმა შეხვედრაზე მისი ქვეყნის შესაძლებლობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარაგვაი მსოფლიოში ცნობილია როგორც სოფლის მეურნეობის პროდუქტების დიდი მწარმოებელი ქვეყანა და კარგი იქნება თუ საქართველოს აგროსექტორის წარმომადგენლებს აქ ჩამოსვლა და ადგილზე ვითარების გაცნობის საშუალება მიეცემათ. “უნდა შეიქმნას საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფი და ამ ჯგუფის ხელმძღვანელი იქნება მთავარი ფიგურა, რომელიც ბიძგს მისცემს ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის დასაწყისს. საქართველო და პარაგვაი პარტნიორები არიან და კიდევ უფრო უნდა გავაფართოვოთ თანამშრომლობის სფეროები”, – აღნიშნა პარაგვაის ეკონომიკის მინისტრმა. პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან ერთად სამუშაო ვიზიტით პარაგვაის რესპუბლიკაში დეპუტატები გიგლა აგულაშვილი, გიგა ბუკია, თედო ჯაფარიძე და გიორგი ბარამიძე იმყოფებიან. საპარლამენტო დელეგაცია შეხვედრებს პარაგვაელ კოლეგებთანაც გამართავს.