პრემიერი თავდაცვის შესახებ კანონში სავარაუდო ცვლილებების საკითხს გამოეხმაურა

ეს არის არასწორი ინტერპრეტაცია და მინდა გთხოვოთ მედიის წარმომადგენლებს, მიაწოდოთ მოსახლეობას სწორი ინფორმაცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას თავდაცვის შესახებ კანონში სავარაუდო ცვლილებების კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, განსაკუთრებული არაფერი ხდება, მიმდინარეობს მუშა პროცესი, რათა რიგი კანონები ახალ კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოვიდეს.
“ეს არის ჩვეულებრივი მუშა პროცესი, რათა ყველა კანონი მოვიყვანოთ შესაბამისობაში ახალ კონსტიტუციასთან. ამაში რას ხედავთ განსაკუთრებულს, არ მესმის. მე ვსაუბრობ იმ ცვლილებებზე, რაც ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლის დღიდან განხორციელდა და ხორციელდება. მე მინდა ეს კარგად აგიხსნათ და ძალიან გთხოვთ აუხსენით ეს საზოგადოებას, რომ აქ არ ხდება ერთის უფლებების შეზღუდვა და მეორის გაძლიერება. ეს არის წმინდა სპეკულაცია”, – აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის განმარტებით, ანალოგიური მიდგომა არსებობს უშიშროების საბჭოსთან მიმართებაშიც.
“არავითარ სტრუქტურულ ცვლილებებზე არ არის საუბარი, უშიშროების საბჭოც და ყველა სხვა დანარჩენი სახელმწიფო ორგანო ფუნქციონირებს ახალი მოქმედი კონსტიტუციის ფარგლებში და თუ რამე გასასწორებელია, ეს შეეხება კანონში ცვლილებას თუ სხვა, ეს არის ტექნიკური საკითხი”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები