პრეზიდენტს, შესაძლოა, მთავარსარდლის უფლებამოსილება შეეზღუდოს
პრეზიდენტს, შესაძლოა, კიდევ ერთი უფლებამოსილება შეეზღუდოს. საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი შესაძლოა საქართველოს უმაღლეს მთავარსარდალთან ანგარიშვალდებული აღარ იყოს.
თავდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული, მთავრობის მიერ მოწონებული და პარლამენტში უკვე გადაგზავნილი კანონპროექტის ერთერთი მუხლის მიხედვით, გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი, პრეზიდენტის ნაცვლად, ანგარიშვალდებული მხოლოდ მთავრობის წინაშე იქნება.
საკანონმდებლო ორგანოში შესულ ამ ცვლილებას უკვე მოჰყვა უკმაყოფილება სამხედრო სფეროში მომუშავე სპეციალისტებისგან. თუმცა, ალასანიას უწყებაში ამბობენ, რომ მზადდება კანონპროექტის ახალი ვერსია, რომლითაც მთავარსარდლის უფლებამოსილება ისევ უცვლელად დარჩება.
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი განმარტავს, რომ უმჯობესია მტავრობამ სახელისუფლებო შტოებს შორის უფლებამოსილების კანონიერ გამიჯვნაზე იფიქროს და კონსტიტუციით გარანტიებული საკითხების განხილვისგან თავი შეიკავოს. გიორგი კვერენჩხილაძეს ვეტოს უფლებაზე ლაპარაკი ამ დროისთვის ნაადრევად მიაჩნია.
“ჩემი აზრით, კანონმდებელი უნდა ზრუნავდეს არა იმაზე, რომ უფლებამოსილების შეზღუდვა მოხდეს, რომელიც რა თქმა უნდა არ ეწინააღმდეგება მმართველობის მოდელური ბუნებიდან გამომდინარე პრეზიდენტის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტატუსს, არამედ იმაზე უნდა იზრუნოს კანონმდებელმა და კანონმდებლობის ინიციატორებმა, რომ კონკრეტული ფუნქციების სახით მოხდეს ჩაშლა პრეზიდენტის ძრითადი პოლიტიკურ-სამართლებრივი ფუნქციისა, რასაც მთავარსარდლობა ჰქვია. რაც შეეხება შესაძლო ვეტოს უფლებას, ჯერ ამაზე საუბარი არ იქნებოდა სერიოზული, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ჰიპოთეზების დონეზეა. პირველადი კანონშემოქმედებით ეტაპიც კი, რასაც ჰქვია ინიცირებული კანონპროექტის პარლამენტის კომიტეტებში განხილვა, ეს პროცედურაც არ დაწყებულა”, – აცხადებს გიორგი კვერენჩხილაძე.
წყარო: “მოამბე”