გურამ მაჭარაშვილი – ვანო მერაბიშვილზე: როგორც ჩანს საზოგადოებაში არსებობს ანტიგანწყობა და ეს აბსოლუტურად გასაგებია
“ვანო მერაბიშვილმა მოიხადა სასჯელი, თუმცა სასჯელის მოხდა ერთია, როგორც ჩანს საზოგადოებაში არსებობს ანტიგანწყობა და ეს აბსოლუტურად გასაგებია”,- ასე გამოეხმაურა “ხალხის ძალის” წევრი გურამ მაჭარაშვილი ფაქტს, რა დროსაც შს ყოფილ მინისტრს, ვანო მერაბიშვილს ფიზიკურად გია გაჩეჩილაძის სიძე, გიორგი შარაშიძე გაუსწორდა.
მისივე თქმით, კანონსაწინააღმდეგო ქმედება არავისგან არ არის მოსაწონი.
“არსებობს ერთი სამართლებრივი მხარე, მაგრამ არსებობს მეორე, მორალური მხარე, რა თქმა უნდა კანონსაწინააღმდეგო ქმედება არავისგან არ არის მოსაწონი, თუმცა დეტალებს გაარკვევს სამართალდამცავი უწყება. ეს ერთ-ერთი მაგალითია იმისა, რომ არ უნდა ჩაიდინო ისეთი დანაშაული და ისეთი სისტემის მონაწილე არ უნდა იყო, რომ იმანაც ვერ გიშველოს, რომ სასჯელი კანონიერად მოიხადო”, – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.
ცნობისთვის, ტელეკომპანია „რუსთავი2“-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ვაკეში მდებარე ერთ-ერთ აფთიაქში შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ვანო მერაბიშვილს ფიზიკურად გია გაჩეჩილაძის (უცნობი) სიძე, გიორგი (გიგიშა) შარაშიძე გაუსწორდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თავად შარაშიძეც ადასტურებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შს ყოფილ მინისტრ, ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება დაიწყო. გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.