„ახლა უკრაინაში რომ ვყოფილიყავი, პრეზიდენტ ზელენსკის ომის მოგებაში დავეხმარებოდი“ – მიხეილ სააკაშვილი

ახლა უკრაინაში რომ ვყოფილიყავი, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ომის მოგებაში დავეხმარებოდი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „უკრაინსკაია პრავდასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომლის სრული ვერსია 30 დეკემბერს გამოქვეყნდება.

ჟურნალისტის კითხვაზე – რას გააკეთებდა იგი უკრაინიდან საქართველოში რომ არ წასულიყო და 2022 წლის თებერვალში, რუსეთის უკრაინაში შეჭრის დროს კიევში ყოფილიყო, სააკაშვილმა უპასუხა:

„პირველ რიგში, ვიქნებოდი პრეზიდენტ ზელენსკის გვერდით, რომელსაც ვთვლი ყველაზე გამორჩეულ სახელმწიფო მოღვაწედ ჩერჩილის შემდეგ. მასთან შედარებით, რეიგანი და ტეტჩერი ნერვიულად ეწევიან გვერდით. ამავე დროს, ვიმოგზაურებდი მსოფლიოში, გამოვიყენებდი ჩემს მრავალრიცხოვან კავშირებს უკრაინის მხარდაჭერისთვის.

მეორეც, გამუდმებით ვივლიდი ფრონტის ხაზზე, დავეხმარებოდი როგორც უკრაინელ, ისე ქართველ ჯარისკაცებს. ცოტა ხნის წინ ქართველმა ჯარისკაცებმა კოლექტიური მიმართვა ჩაწერეს, სადაც დაბადების დღე მომილოცეს, თუმცა ერთი წუთითაც არ მავიწყდება ის ფაქტი, რომ ომში უკვე 35-მა მათგანმა გაწირა თავი, მათ შორის შვიდმა ბახმუტის ფრონტზე, ასევე ჩემი ბევრი უკრაინელი მეგობარი დაიღუპა ან დაიჭრა.

ხერსონის მახლობლად გარდაიცვალა ერთ-ერთი ყველაზე წესიერი და პატიოსანი ადამიანი, რომელსაც ვიცნობ, ჩემი თანაშემწე ვოლოდიმირ ჩავრიგი. ჩემი ერთადერთი პირადი მცველი და მხოლოდ მეგობარი, მიხეილ ბატურინი, ბახმუტთან მძიმედ დაიჭრა. ეს არის ფასი, რომელსაც უკრაინა და ყველა ჩვენგანი ვიხდით. მე თვითონ 100%-ით უკრაინელად ვგრძნობ თავს და ამით ვამაყობ“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები