პროკურატურამ მარნეულში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ დამზადებისა და შენახვის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარი დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ დამზადების და შენახვის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 27 დეკემბერს, ქ.მარნეულში, ბრალდებულს ოჯახური პრობლემების გამო შეკამათება მოუხდა, რა დროსაც მართლსაწინააღმდეგოდ დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღიდან მამას თავის არეში ჭრილობა მიაყენა, პაპას ზურგის არეში დანა დაარტყა და შემთხვევის ადგილი დატოვა.

დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულების გადარჩენა მოხერხდა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 28 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 19, 109-ე მუხლის „კ” და „ლ” ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი ოჯახის ორი წევრის მიმართ), 236-ე მუხლის მესამე და მეხუთე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა, დამზადება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები