ეკა ბესელია: სააკაშვილი უდანაშაულოდ არასოდეს მიმაჩნდა და არც ახლა მიმაჩნია, მაგრამ არ მინდა, რომ ციხეში კვდებოდეს

ყოფილი პრეზიდენტი არ მიმაჩნია უდანაშაულოდ, არასდროს მიმაჩნდა და არც ახლა მიმაჩნია, რომ არ მიუძღვის დანაშაული იმ სისტემური ძალადობრივი რეჟიმის ჩამოყალიბებაში, – ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში მსჯავრდებულ მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად ამისა, მას არ სურს, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში კვდებოდეს.

„დღეს ჩვენ მორიგი დაპირისპირება ვიხილეთ. ეს იყო მორიგი ხელოვნურად შექმნილი პროცესი და კიდევ ერთხელ ძალიან სამწუხარო პოლარიზების მაგალითი. ჩემთვის კიდევ უფრო დრამატული და მტკივნეულია ის ნაწილი, რომელსაც შეეხო პრეზიდენტი თავისი თამამი გამოსვლის დროს.

სალომე ზურაბიშვილი ყველას გვახსოვს, რომ ჩვენი ბრძოლის წინა პერიოდში ძალიან აქტიური ადამიანი იყო. ის იყო წინა ხაზზე მდგომი, ისიც კი მახსოვს 119 დღე უწყვეტლივ ვიდექით რუსთაველზე და არცერთი დღე არ მახსოვს სალომე ზურაბიშვილის გარეშე.

რა იყო დღევანდელი აქცია-მივარდნა და წინასწარ პასუხის მოთხოვნა? ჯერ ერთი არსად არ მახსოვს სალომე ზურაბიშვილს ეთქვას, რომ ის აპირებს მიხეილ სააკაშვილის შეწყალების აქტის მიღებას. მას ძალიან ზომიერი კრიტიკული პოზიცია აქვს იმის მიმართ, რაც ხდება და რაც არ არის მოსაწონი, ეს პირიქით, ჯანსაღი პროცესია.

სამწუხაროდ, ეს ძალიან ჰგავდა „ოცნების“ მხრიდან მოწყობილ პროვოკაციას, ჩემი პირადი პატივისცემის მიუხედავად რამდენიმე იმ ადამიანის მიმართ, ვინც ვნახე აქციაზე და ვისაც წლების განმავლობაში ვიცავდი. ზუსტად იგივე კითხვა გამიჩნდა 2019 წელს დილის 7 საათი იყო, აქცია მოვაწყვეთ, 20 უვადოდ ასარჩევი მოსამართლის გვარი წარადგინა პარლამენტში იუსტიციის საბჭომ და „ქართულმა ოცნებამ“, რომელსაც დღეს ეს ადამიანები იცავენ მხარი დაუჭირა სწორედ იმ წინა რეჟიმის მოსამართლეებს, რომლის მსხვერპლი თავად იყვნენ.

რა თქმა უნდა, მე ხაზგასმით სულ ვამბობ, ყოფილი პრეზიდენტი არ მიმაჩნია უდანაშაულოდ, არასდროს მიმაჩნდა და არც ახლა მიმაჩნია, რომ არ მიუძღვის დანაშაული იმ სისტემური ძალადობრივი რეჟიმის ჩამოყალიბებაში, მაგრამ მე როგორც მართლმადიდებელ ქრისტიანს და ამ ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საკუთარ თავზე აქვს გადატანილი ის სისასტიკე, რაც მაშინ ხდებოდა, არ მინდა ციხეში კვდებოდეს, ამ ფორმით იტანჯებოდეს ეს ადამიანი, რომლის წინააღმდეგაც გამოვდიოდი“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები