გია ცაგარეიშვილი – ცესკოს თავმჯდომარის არჩევაზე: ეს არის ისევ ჩასაგდებად განწირული პროცესი
პრეზიდენტმა კარგად უნდა იცოდეს, რომ ამ კანდიდატებს უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს. ეს არის ისევ ჩასაგდებად განწირული პროცესი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა განაცხადა, რითაც პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის ცესკოს თავმჯდომარეობის იმ კანდიდატურების წარდგენას გამოეხმაურა, რომლებიც სალომე ზურაბიშვილის შექმნილმა კომისიამ დაიწუნა.
„ეს არის ისევ ჩასაგდებად განწირული პროცესი. ამ პროცესის შემოტრიალება უკვე მეორედ ხდება და პრეზიდენტმა კარგად უნდა იცოდეს, რომ ამ კანდიდატებს უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს. თუ იცის და ამას შეგნებულად აკეთებს, მით უარესი. კანდიდატების ოქმებს გადავხედე და გეტყვით, რომ ვინც უმაღლესი შეფასება მიიღო, წარმოდგენილი არ იყო, ვინც უდაბლესი შეფასება მიიღო, ის წარმოადგინეს, რაც პროცესის შეურაცხყოფაა. კომისია ხომ პრეზიდენტმა შექმნა და იმ ადამიანებს რას ეუბნება? – პრეზიდენტმა კომისიის უარყოფითი განცხადებები პარლამენტში გადმოაგზავნა. არ ვიცი, ამას რა დავარქვა. ეს არის შეგნებულად მიმართული ნაბიჯი იმისკენ, რომ განხილვა ჩავარდეს და კიდევ ერთხელ არ ავირჩიოთ ცესკოს თავმჯდომარე“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.