სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარეობის ის კანდიდატები წარუდგინა, რომლებიც პრეზიდენტის მიერ შექმნილმა კომისიამ დაიწუნა

სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე ის კანდიდატურები წარუდგინა, რომლებიც თავის დროზე სწორედ პრეზიდენტის მიერ შექმნილმა კომისიამ დაიწუნა. მაშინ, კომისიის წევრები გიორგი შაიშმელაშვილსა და ნანული ბებიაზე წერდნენ, რომ მათ არ აქვთ საარჩევნო პროცესებში საქმიანობის გამოცდილება და სუბიექტური დამოკიდებულებები გააჩნიათ.

„ეს წარდგინება მოულოდნელი იყო, ბოლო წუთებში წარმადგინა ფაქტობრივად, თუმცა რეგლამენტის სრული დაცვით. როგორც ჩანს, პრეზიდენტმა მიიჩნია, რომ აღნიშნულ თანამდებობას შევესაბამები“, – ამბობს გიორგი შაიშმელაშვილი.

გიორგი კალანდარიშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა.

„წარდგენილ კანდიდატებს შორის ჩემი კანდიდატურა არ არის, იქიდან გამომდინარე, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტს აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი პოზიცია, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ მაღალი მხარდაჭერის მქონე პირის წარდგენა უნდა მოხდეს. თუმცა, ჩვენ ვნახეთ, რომ ამ ინსტიტუტის მხრიდან ეს მოლოდინი ამ პროცესთან მიმართებაში არ გამართლდა, იქიდან გამომდინარე, რომ არათუ 100 მხარდაჭერის, იგივე 84-ის, რომელიც მე მზარდი დინამიკის პირობებში მქონდა, არამედ, ნულოვანი მხარდაჭერა ჰქონდათ კანდიდატებს. მადისკრედიტებელ კამპანიას, რომელიც დღეს უკვე ფრთებს შლის, ჩვენ პასუხს ვცემთ ჩვენს მიერ გაკეთებული საქმიანობებით, რომელსაც ადმინისტრაციის მთელი გუნდი ემსახურება“, – აცხადებს გიორგი კალანდარიშვილი.

22 დეკემბერს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა ცესკოს თავმჯდომარისა და წევრობის არცერთ კანდიდატს. ამ პროცესს წინ უძღოდა სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება, როდესაც მოქმედი თავმჯდომარის კანდიდატურა მან პარლამენტს არ წარუდგინა მიუხედავად იმისა, რომ სწორედ კალანდარიშვილს ჰქონდა მრავალპარტიული მხარდაჭერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები