მიხეილ სარჯველაძე: ბიძინა ივანიშვილისთვის ფინანსური პრობლემების შექმნას არანაირი სამართლებრივი და ლოგიკური საფუძველი არ აქვს
„პოზიცია, რომელიც „კრედიტ სუისს“ აქვს არჩეული, უდავოდ აბსურდულია. სხვა ახსნა არ არის დამაჯერებელი, გარდა იმისა, რომ ეს არის მცდელობა, პოლიტიკური ზემოქმედება განხორციელდეს ბიძინა ივანიშვილზე, რომელსაც ამ შემთხვევაში ფინანსურ პრობლემებს უქმნიან”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ სარჯველაძე აცხადებს.
მისივე თქმით, წესით, აღნიშნულ დაწესებულებას მაღალი რეპუტაცია და სანდოობის მაღალი ხარისხი უნდა ჰქონდეს და არ შეიძლება, თავს უფლებას აძლევდეს, ასეთი აბსურდული არგუმენტაციით, არათანმიმდევრული ლოგიკით, აცხადებდეს ახირებულ გადაწყვეტილებას თანხის მითვისებასთან დაკავშირებით.
“ფინანსური პრობლემების შექმნას არანაირი სამართლებრივი და ლოგიკური საფუძველი არ აქვს. არ მომისმენია დასაბუთება, რა მიზნით გამოიყენება ზემოქმედების ეს იარაღი და რისი იძულების საშუალებაა, გარდა იმისა, რომ მიმდინარე პოლიტიკური პრობლემების ფონზე, იყოს რაღაც ისეთი გადაწყვეტილების იძულება, რაც შეიძლება, ნაკარნახები იყოს არა საქართველოს, არამედ გლობალური ინტერესებით. ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს. წესით, ამ დაწესებულებას მაღალი რეპუტაცია და სანდოობის მაღალი ხარისხი უნდა ჰქონდეს და არ შეიძლება, თავს უფლებას აძლევდეს, ასეთი აბსურდული არგუმენტაციით, არათანმიმდევრული ლოგიკით, აცხადებდეს ახირებულ გადაწყვეტილებას თანხის მითვისებასთან დაკავშირებით. საკითხი სანქციებამდეც რომ იყოს მიყვანილი, ამ დავაში ამ ინსტიტუტის პოზიცია მაინც გამართლებული არ არის. მაგალითად, თქვენ ბანკში თანხა გაქვთ და თანამშრომელმა რომ მიითვისოს, ეს ბანკს უფლებას აძლევს, თანხა არ დაგიბრუნოთ? – საქმე ზუსტად ამ შემთხვევასთან გვაქვს. სულ რომ სანქციებთან გვქონდეს საქმე, რასაც ცდილობს ოპოზიცია, სანქცირების შემთხვევაში, ბანკს აქვს უფლება, თანხა არ მისცეს ადამიანს? ეს არის საკუთრების უფლების შეზღუდვა. თუ ამგვარი მეთოდებით ცდილობენ ვინმეს იძულებას, პოზიციებს გადახედონ, რადგან წარუმატებლობისთვის განწირულია, ვინაიდან საუბარი არ არის ისეთ ადამიანზე, ვისაც შეუძლია, რაღაც თანხის გამო, ქვეყანა უფსკრულში გადაჩეხოს. ეს ყველასთვის მხედველობაშია მისაღები“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.