სოსო რობაქიძე – მურმან დუმბაძეს: “თუ სანდრო გირგვლიანის ამბავი არ იცით, იმ რეჟიმის მსხვერპლები არ იცით,  პოლიტიკაში რა გინდათ?”

2004 წელს  მოკლული ბუტა რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძე “გაერთიანებული ოპოზიცია-ძალა ერთობაშიას” ერთ-ერთი ლიდერის,    მურმან დუმბაძის განცხადებას ეხმაურება.

“იმის გამო, რაც  მურმან დუმბაძემ სანდრო გირგვლიანთან დაკავშირებით თქვა,
გუშინ სასოწარკვეთილებაში ჩავვარდი.  ვინ არ დამირეკა. მთელ დღეს ჩვენნაირ ხალხთან ზარები იყო. ამას ბევრი ადამიანი განიცდის  და პროტესტი აქვს გამოსათქმელი. მინდა,  ბატონ მურმან დუმბაძეს ვუთხრა, როდესაც “ოცნების” მხარეს იყავით, ჯერ ერთ ხელს იჭრიდით, მერე მეორეს, ასე ამბობდით, 5 ნომერს ვინც შემოხაზავს,   განგრენა დაემართებაო,  თუ სანდრო გირგვლიანის ამბავი არ იცით, იმ რეჟიმის მსხვერპლები არ იცით,  საერთოდ, პოლიტიკაში რა გინდათ? ცოტა ხანს სახლში იყავით, თბილისში არ ჩამოხვიდეთ, თორემ იმდენი ადამიანია გაღიზიანებული, ნამდვილად შეურაცხყოფას მოგაყენებენ. რაც თქვენ გუშინ თქვით, ეს “ნაცებსაც” არ უთქვამთ. თქვით, სანდრო გირგვლიანი გადახტა, არავის მოუკლავსო. ბატონო მურმან, იქ რა შელაპარაკებაც არ უნდა მომხდარიყო, რა უნდოდა გირგვლიანს  ოქროყანაში? ადამიანი, თუ რამეს აშავებს,   პოლიციის განყოფილებაში მიჰყავთ. ალბათ, ისიც არ იცით,  დასერილი რომაა. ალბათ, ისიც  არ იცით, მეორე პიროვნება, ვინც სანდროსთან იყო, რა დღეში იყო.  იმ პარტიის ლიდერს,  მიხეილ სააკაშვილს დღეს უნდა,  საზღვარგარეთ წავიდეს, ის უნთებდა ყველას მწვანეს რომ ასე მოქცეულიყო. თქვენ ამ ხალხის გვერდით ხართ. ბატონო მურმან,  ეჭვი მეპარება თქვენს კაცობაში, თქვენს ქართველობაში, საერთოდ თქვენნაირი პოლიტიკოსი, რომელიც წესიერად ვერ აზროვნებს,  არ ვიცი, რომელ პარტიას სჭირდება”- განაცხადა სოსო რობაქიძემ.

ცნობისთვის,  მურმან დუმბაძე მიიჩნევს, რომ სანდრო გირგვლიანი არ მოუკლავთ.

“გირგვლიანი არ არის მოკლული, ჩვენ ვერ მოვიტანთ რაიმე დოკუმენტს. მორალურად გირგვლიანი იმ ბიჭებთან მართალი არ იყო, ისინი მორალურად მართლები იყვნენ. ისინი სისხლის სამართლის დამნაშავეები არიან, უნდა დაიჭირო, მაგრამ ამ დაჭერამდე საქმის წამოწყების ინიციატორი გირგვლიანია, ამას ამბობს მეორე მხარე.
ოფიციალური დოკუმენტი გირგვლიანზე ამბობს, რომ დაუსხლტა გირგვლიანი, გაიქცა, გადავარდა, გადაიჩეხა, გაიყინა სუსხიან ტყეში და გარდაიცვალა. ის არ მოუკლავთ, მკვლელობა არ არის არც დანით, არც იარაღით, მკვლელობის ფაქტი არ არის ჩადენილი“ – განაცხადა მურმან დუმბაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები