თეა წულუკიანი: იმედია, სააკაშვილს ესმის, რომ იარაღად არის ქცეული თანაგუნდელების ხელში
“ნათელია, რომ მიხეილ სააკაშვილის ცუდად ყოფნა, რაიმე ტიპის გართულება ან კიდევ მისი პატიმრობა, პირველ რიგში შედის მისივე თანაგუნდელების ინტერესში. ვინაიდან, სააკაშვილი მათ აქციეს გარკვეულ ბრძოლის ინსტრუმენტად”, – ასე გამოეხმაურა კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებას.
მისივე თქმით, ვერანაირი რადიკალიზმი შედეგის მომტანი ვერ იქნება.
„იმედი გამოვთქვი და კიდევ ერთხელ გამოვთქვამ ამ იმედს, რომ სააკაშვილს ეს თავად ესმის. ესმის, რომ ის იარაღად არის ქცეული საკუთარი თანაგუნდელების ხელში, რომლებსაც სასო აქვთ წარკვეთილი, ვინაიდან, ვერანაირი მეთოდით პოლიტიკურ ასპარეზზე ვერ აღწევენ წარმატებას და ერთადერთი იმედი რაც დარჩენიათ, არის ის, რომ როგორმე სააკაშვილის მდგომარეობა გართულდეს. ამის იმედი აქვთ, ყველანაირ მეთოდს იყენებენ ამისთვის და სააკაშვილიც გარკვეული ტრიუკებით თუ მანიპულაციებით ამაში ეხმარება თავისივე თავის საზიანოდ. არადა, ჩვენი სურვილი იქნებოდა, რომ მან ყველა გაგებით საკუთარი თავის დაზიანება შეწყვიტოს და ყველა დაუბრუნდეს იმ ნორმალურ ჩარჩოს საქმიანობისა და ერთმანეთთან ურთიერთობის, რაც არის კანონითა და პოლიტიკური თამაშის, ნორმალური პოლიტიკური თამაშის წესებით გათვალისწინებული. ვერანაირი რადიკალიზმი და მით უმეტეს ამგვარი მისწრაფებები საქართველოში პოლიტიკურ ასპარეზზე ვერც არეულობას მოიტანს და ვერც მით უმეტეს მათთვის შედეგს. ამიტომ, ნიკა მელიას ეს ხმამაღალი განცხადებები ვიცით უკვე, მრავალჯერ ვნახეთ ეს ფილმი და კინო, რომ წინასწარ არის განსაზღვრული წარუმატებლობისთვის განწირული“, – განაცხადა წულუკიანმა.
ცნობისთვის, ნიკა მელიამ გუშინ განაცხადა: “შესაბამისად, ხვალ ან ყველა ერთად გავიგებთ, რომ პროცესი დასრულდება გონივრულ ვადაში ან ყველამ, ვისაც გვაქვს სახელმწიფოებრივი და ჰუმანური პოზიცია, უნდა დავიწყოთ მოქმედება და გავაკეთოთ ყველაფერი – რაც შეგვიძლია და რაც არ შეგვიძლია – შესაძლებლობების ზღვარზე და მის მიღმაც!”.