პარლამენტის ნდობის ჯგუფმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრსადაზვერვო საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა

პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველ მოადგილეს ალექსი ბატიაშვილს და სუს-ის კონრტდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორს გიორგი ტრაპაიძეს მოუსმინეს.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის/ნდობის ჯგუფის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას განცხადებით, უსაფრთხოების სამსახურის მიერ წარმოდგენილია ინფორმაცია უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მისწრაფებების, დაინტერესების სფეროების თუ ობიექტების, მოქმედების მეთოდებისა და ფორმების და იმ ნაბიჯების შესახებ, რასაც უწყება ახორციელებს მათი საქმიანობის და გეგმების ხელშეშლის, ჩაშლის და ნეიტრალიზაციის მიზნით.

„აუცილებელია, ხაზგასმით აღინიშნოს, რომ ქართული კონტრდაზვერვა არის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ბირთვი. ამ კუთხით სუს-ის საქმიანობა არის წარმატებული და ეს წარმატება გაზომვადია კონკრეტული ინდიკატორებით, მათ შორის ისეთით, როგორიცაა: ეროვნული ინტერესების საზიანოდ მოქმედი სუბიექტების ქვეყნიდან გაძევება, მათი ქვეყანაში შემოსვლის პრევენცია, მათი გეგმების მომზადების ეტაპზე გამოვლენა და აღკვეთა, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების და განვითარების უწყვეტობის და სტაბილური პროგრესის უზრუნველყოფა. უსაფრთხოების სამსახურს აქვს პოზიციები ყველგან, საიდანაც შესაძლოა მომდინარეობდეს საფრთხეები ჩვენი ქვეყნისა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ, აქვს წვდომა ყველა საჭირო ინფორმაციაზე, რაც აუცილებელია საქართველოს სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად და ეროვნული უსაფრთხოების სფეროში ინფორმირებული და დროული გადაწყვეტილებების მისაღებად”, – აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.

ნდობის ჯგუფი შექმნილია პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში და მის ფუნქციას წარმოადგენს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში შემავალი უწყებების საიდუმლო საქმიანობასა და სპეციალურ პროგრამებზე ზედამხედველობა. ნდობის ჯგუფის შემადგენლობაში არიან პარლამენტის წევრები: ირაკლი ბერაია, ანრი ოხანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე და თეიმურაზ ჯანაშია. მიმდინარე წელს ნდობის ჯგუფმა 14 სხდომა გამართა. სხდომები წლის ბოლომდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები