ნინო ნადირაძის განცხადებით, სააკაშვილის ადვოკატი „ვივამედის“ ექიმებს კოლოსალურ ფსიქოლოგიურ ტერორს უწყობს
კლინიკა „ვივამედის“ გენერალური დირექტორი ნინო ნადირაძე აცხადებს, რომ მსჯავრდებული საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატი კლინიკის ექიმებს კოლოსალურ ფსიქოლოგიურ ტერორს უწყობს.
როგორც ნადირაძე აღნიშნავს, ადვოკატის მხრიდან ასეთი ქმედება მოწმეებზე ზეწოლაა.
„ეს ბრძოლა წესების გარეშე მაოცებს, აკითხავს ჩემს ექიმებს კონკრეტული ადვოკატი სამსახურებში, არა „ვივამედში“ (როგორც მოგეხსენებათ, სპეციალისტების უმრავლესობა მხოლოდ ერთ კლინიკას არ ემსახურება) სამუშაო პროცესს აწყვეტინებს და კოლოსალურ ფსიქოლოგიურ ტერორს უწყობს. არის თუ არა ეს მოწმეებზე ზეწოლა? ეს მიზანი ამართლებს საშუალებას ყოველთვის არაა „მეგობრებო“ სწორი გზა, ყველას არ აქვს ჩემი რკინის ნერვები“, – წერს ნადირაძე სოციალურ ქსელში.