საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე „კონკურენციის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებები განიხილეს
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე „კონკურენციის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებები განიხილეს.
პარლამენტის ინფორმაციით, ცვლილებებით კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მმართველობითი ორგანოს – საბჭოს მარეგულირებელი ნორმების ამოქმედების თარიღი 2023 წლის იანვრის ნაცვლად 2025 წლის პირველ იანვრამდე გადაიწევს. როგორც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილმა განმარტა, მოქმედი კანონით სააგენტოს მოწყობის ფორმა იცვლება.
კერძოდ, კონკურენციის სააგენტოს მმართველობითი ორგანო პრემიერ-მინისტრის წარდგინებით და პარლამენტის მიერ 5 წლის ვადით არჩეული 5 წევრიანი საბჭო იქნება და მისი მარეგულირებელი ნორმების ამოქმედება გათვალისწინებულია 2023 წლის პირველი იანვრიდან. ხოლო, საქართველოს პარლამენტმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 2023 წლის 1 თებერვლამდე უნდა უზრუნველყონ საბჭოს დაკომპლექტება. თუმცა, მომხსენებლის თქმით, არსებული ეკონომიკური და სოციალური ვითარების გამო, მიზანშეწონილია, საბჭოს მარეგულირებელი ნორმების ამოქმედების ვადამ გადაიწიოს 2025 წლის პირველ იანვრამდე, რათა საჭირო არ გახდეს ბიუჯეტიდან დამატებითი, მნიშვნელოვანი ოდენობის სახსრების გამოყოფა. შესაბამისად, საბჭოს წევრების სახელფასო ფონდში შესატანი საბიუჯეტო რესურსი და საბჭოს მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვისათვის გასაწევი ერთჯერადი ხარჯები მოხმარდება ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. აღნიშნულიდან გამომდინარე ცვლილებები შედის ასევე კანონებში „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ”, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ”, საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ” და რეგლამენტის პროექტში „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში” ცვლილების შეტანის თაობაზე”.
კომიტეტმა განხილულ საკანონმდებლო ცვლილებას მხარი დაუჭირა. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი შატაკიშვილმა კომიტეტს ასევე განსახილველად წარუდგინა პროექტი „მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრის ბიუროს ფუნქციების, ორგანიზებისა და საქმიანობის წესის და პარლამენტის ბიუჯეტიდან ბიუროსათვის გამოყოფილი თანხის განკარგვის წესის განსაზღვრის შესახებ” დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. პროექტი სამაჟორიტარო ბიუროების ბიუჯეტის ცვლილებას შეეხება. კერძოდ, მაჟორიტარი პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადით დანიშნული, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული მაჟორიტარული ბიუროს წევრების სარგო, მისი ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, არ უნდა აღემატებოდეს საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობისათვის დადგენილი სახელფასო კოეფიციენტის გამოანგარიშებულ სახელფასო სარგოს (4 840 ლარი) და არ უნდა იყოს 544 ლარზე ნაკლები.
ამასთანავე, თითოეული თანამდებობრივი სარგო უნდა შეესაბამებოდეს დებულებაში გათვალისწინებულ კოეფიციენტებს. კომიტეტმა მხარი დაუჭირა განხილულ დებულებას.