ირაკლი ბერაია თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ალი კაან ორბაისთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
პარლამენტის ინფორმაციით, რეგიონული უსაფრთხოების გარემო და ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო, სტრატეგიული პარტნიორობა, – შეხვედრის მთავარი თემები იყო.
„თურქეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფოა და მასთან თანამშრომლობის გაღრმავებას და განმტკიცებას ჩვენი ქვეყანა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. ქვეყანა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე, ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას; უნდა აღინიშნოს, რომ იგი განსაკუთრებულ როლს ასრულებს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარების პროცესში. თურქეთის ელჩთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ, თუ კიდევ როგორ უნდა გაღრმავდეს და გაფართოვდეს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული და საპარლამენტო თანამშრომლობა,” – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
თურქეთის დიპლომატთან გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე – ვლადიმერ ჩაჩიბაია და თურქეთის საელჩოს სამხედრო ატაშე – ბურაკ ალთინერი, ორი ქვეყნის საპარლამენტო კომიტეტების თანამშრომლობის გააქტიურებაზეც ისაუბრეს.