პასუხისმგებელი უწყებების მიერ პარლამენტარის კითხვაზე რეაგირების შესახებ ინფორმაცია საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე მოისმინეს
ანგარიშვალდებული ორგანოების მიერ პარლამენტარის კითხვაზე რეაგირების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ირაკლი შატაკიშვილმა აღნიშნა, კომიტეტმა შეისწავლა საკითხი და გამოვლინდა, რომ საანგარიშო პერიოდში (ნორმის ამოქმედებიდან – 2022 წლის 3 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით) პარლამენტის წევრების 477 შეკითხვაა გაგზავნილი, რომელთაგან პასუხი გაცემულია 278 წერილობით კითხვაზე (58%), ხოლო 199 კითხვაზე პასუხი არ არის გაცემული. როგორც მოკვლევის შედეგად გამოიკვეთა, საპარლამენტო კონტროლის ამ მექანიზმს დეპუტატები აქტიურად იყენებენ. კომიტეტზე წარდგენილ ინფორმაციაში ასევე აღწერილია მონაცემები მიღებული პასუხების ოპერატიულობაზე, რელევანტურობასა და ავტორთა კომპეტენტურობის შესახებ. კომიტეტი, რეგლამენტის შესაბამისად განაგრძობს აღნიშნული საკითხის შესწავლას. მომზადებულ ინფორმაციას კომიტეტი პარლამენტის ბიუროს წარუდგენს.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის რეგლამენტის 148-ე მუხლის მიხედვით საპარლამენტო კონტროლის ფარგლებში პარლამენტის წევრი უფლებამოსილია კითხვით მიმართოს საქართველოს მთავრობას, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს, მთავრობის წევრს, ყველა დონის ტერიტორიული ერთეულის ხელისუფლების ორგანოს, სახელმწიფო დაწესებულებას, რომლებიც ვალდებული არიან დროული და სრული პასუხი გასცენ დასმულ შეკითხვას. ხოლო პარლამენტის რეგლამენტში მიმდინარე წლის 2 ნოემბერს განხორციელებული ცვლილების თანახმად, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ვალდებულია ყოველ კვარტალურად შეისწავლოს პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების საკითხი და შესაბამისი ინფორმაცია წარუდგინოს პარლამენტის ბიუროს.