რუსეთის ხელისუფლებაში უკრაინაში შეტევის განახლებასთან დაკავშირებით საწინააღმდეგო მოსაზრებები არსებობს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
მაღალჩინოსნის თქმით, რუსეთის შეტევა ზაფხულის შემდეგ საგრძნობლად შეფერხდა, რაც უკრაინის კონტრშეტევით მიღებული დანაკარგებით არის განპირობებული.
„რა თქმა უნდა, არიან ისეთებიც [რუსეთში] რომლებსაც, ჩემი აზრით, სურთ განახორციელონ [ახალი] თავდასხმები უკრაინაში, მაგრამ არიან სხვებიც, რომლებსაც აქვთ რეალური კითხვები რუსეთის შესაძლებლობებთან დაკავშირებით, რომ ეს რეალურად განახორციელოს“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.
როგორც მან აღნიშნა, რუსეთი ფრონტის ხაზზე საბრძოლო მასალის სერიოზულ დეფიციტს განიცდის.
„არის ბევრი პრობლემა, რომლებსაც რუსები აწყდებიან საჭირო აღჭურვილობის, საბრძოლო მასალის არსებობის თვალსაზრისით, ეს კი მათ ხელს უშლის, განახორციელონ ის, რისი გაკეთებაც სურთ“, – განაცხადა მაღალჩინოსანმა.