დავით ნარმანია მოსახლეობასთან მორიგ შეხვედრას გამართავს

დღეს თბილისის მერი დავით ნარმანია მოსახლეობასთან მორიგ შეხვედრას მართავს. თბილისის მერიის წინ მოქალაქეები იკრიბებიან, შენობას კი გაძლიერებული დაცვა იცავს. მოქალაქეების ინფორმაციით, გასულ ორშაბათს დედაქალაქის მერთან შესვლა ვერ შეძლეს და დღეს ისევ მოვიდნენ. მერიასთან მისული პირები სიაში ეწერებიან.
როგორც მერიასთან მყოფი მოქალაქეები აცხადებენ, ისინი სიაში ეწერებიან, ინიშნავენ ნომრებს და სწორედ ამ სიის მიხედვით შეძლებენ დედაქალაქის მერთან შესახვედრად შენობაში შესვლას. მერიასთან შეკრებილები იმედოვნებენ, რომ გასულ ორშაბათთან შედარებით დღევანდელი დღე მშვიდობიანად ჩაივლის და დავით ნარმანიას საკუთარ გასაჭირს გაუზიარებენ.
მერიის შენობის წინ მცირე ინციდენტიც მოხდა, შეკრებილების ნაწილი შენობაში შესვლას ითხოვს, დაცვა კი ამის საშუალებას არ აძლევს. მათ მოუწოდებენ აიღონ რიგის ნომერი. დედაქალაქის მერთან შეხვედრა 14.00 საათზე დაიწყება. დაცვის თანამშრომლები შეკრებილებს სიმშვიდისკენ მოუწოდებენ. ადგილზე იმყოფება სასწრაფო დახმარების 2 მანქანა. გასულ ორშაბათს დავით ნარმანიასთან შესახვედრად მოქალაქეები რიგში დილიდან იდგნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები