ზარქუა: ოპოზიცია ომბუდსმენობის კანდიდატებიდან მაინცდამაინც მათ გვტენის, რომლებიც ადამიანებს რევოლუციური სცენარისკენ მოუწოდებდნენ

ოპოზიციას მაინცდამაინც ის უნდა [სახალხო დამცველად], ვინც რევოლუციურ სცენარს გვთავაზობდა, ეს გამორიცხულია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, სახალხო დამცველობის კანდიდატზე შეთანხმება თუ ვერ მოხდება, რადიკალური ოპოზიციის პასუხისმგებლობა იქნება.

„ვთქვით, რომ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებისთვის შევქმნიდით პლატფორმას, რათა სახალხო დამცველის არჩევის პროცესი უფრო ღია და დემოკრატიული ყოფილიყო. მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციებმა დააკომპლექტეს ქვეკომისია და ვთქვით, რომ სახალხო დამცველი აირჩიოს ოპოზიციამ, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციებმა. დარეგისტრირებული იყო 19 კანდიდატი და ბოლოს ხუთ კანდიდატზე ჩამოვყალიბდით. რადიკალური ოპოზიცია მაინცდამაინც იმას გვტენის, რომლებიც ადამიანებს პირდაპირ რევოლუციური სცენარისკენ მოუწოდებდნენ – მთავრობა უნდა გადავაგდოთ, მოვსპოთ, გადავუაროთო. ამ მოწოდებებს აკეთებდნენ და ჩვენს მხარდამჭერებს საშინელი სიტყვებით მოიხსენიებდნენ. როგორ, რანაირად? ხუთია დასახელებული და აირჩიონ ნებისმიერი, ვიმსჯელებთ. ვეუბნებით, ჩამოყალიბდით.

არა, მაინცდამაინც ის უნდათ, ვინც რევოლუციურ სცენარს გვთავაზობდა, ეს გამორიცხულია. ამ ყველაფერში შემჩნეული იყვნენ ბურჯანაძე და აბაშიძე. მათი მხრიდან იყო მოწოდებები, ლეგიტიმური ხელისუფლება დაემხოთ. პირადად მე, ასეთ კანდიდატებს მხარს არ დავუჭერ. დანარჩენ ხუთს არც ვიცნობ, მაგრამ ნეიტრალური იყოს და ყველას უფლება დაიცვას. მათი არჩეულია და შერჩეულია, ამაში მონაწილეობა არ მიგვიღია. თუ სახალხო დამცველის კანდიდატზე ვერ შევჯერდებით, ეს იქნება რადიკალური ოპოზიციის პასუხისმგებლობა, რადგან ყველაფერი გავაკეთეთ, რომ 12-პუნქტიანი გეგმის ეს ნაწილი შეგვესრულებინა. რადიკალური ოპოზიცია მაინცდამაინც იმ ერთ კანდიდატს გვტენის და ეს არ არის დემოკრატია. არ გამოვა ასე. პარტიული ინტერესების დამცველი ლომჯარია ერთხელ უკვე გვყავდა. წესით, მეორე შეცდომა არ უნდა დავუშვათ“, – განაცხადა ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები