სეზონური ვირუსების სიმპტომები და მკურნალობა სახლის პირობებში – ინტერვიუ პროფესორ მაკა ბულეიშვილთან

ზამთარი სეზონური ვირუსების გავრცელების ყველაზე აქტიური პერიოდია. ყოველდღე უფრო და უფრო მეტი ადამიანი მიმართავს სტაციონარს სხვადასხვა სიმპტომით. საინტერესოა, როგორ დავიცვათ თავი ვირუსებისგან და, დასნებოვნების შემთხვევაში, როგორ ვიმკურნალოთ, რათა თავიდან ავირიდოთ ვირუსით გამოწვეული გართულება.

რა სიმპტომები ახასიათებს სეზონურ ვირუსებს, რომელი მათგანი ცირკულირებს ყველაზე მასობრივად დღეს საზოგადოებაში, როგორ ვუმკურნალოთ მას სახლის პირობებში და რა დროს არის აუცილებელი ექიმთან ვიზიტი – ამ და სხვა საინტერესო თემებზე “კვირას” ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი მაკა ბულეიშვილი ესაუბრა.

– სეზონური ვირუსებიდან რომელია ყველაზე მეტად ცირკულირებადი ამ პერიოდში და რა სიმპტომები ახასიათებს?

– ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით ბოლო 10 დღის განმავლობაში საკმაოდ ბევრი ადამიანი დასნებოვნდა. ვხედავთ იმასაც, რომ საკმაოდ რთულად მიმდინარეობს ეს სეზონური ვირუსები.  ცირკულირებს რამდენიმე ვირუსი, რესპირატორულ-სინციტიური, ადენოვირუსები, რინოვირუსები, გრიპის ვირუსი და, ამასთან, უმნიშვნელოდ, თუმცა, მაინც იმატა კოვიდის შემთხვევებმა.

ეს ვირუსები ერთმანეთს, ძირითადად, წააგავს და ვლინდება სხვადასხვა  სიმპტომით:

ხველა (მშრალი/ნახველით/სპაზმური); სურდო, ტემპერატურა, ყელის და თავის ტკივილი, ყურების დაგუბება, სმენის დაქვეითება, გემოს დაქვეითება, ყელის იოგების დაჭიმულობა.

აღსანიშნავია, რომ, როგორც წესი, ეს სიმპტომები 7-დან 10 დღის განმავლობაში უნდა ალაგდეს, თუმცა, თითქოს გამოჯანმრთელებული პაციენტი ისევ უბრუნდება შუალედურ მდგომარეობას – ისევ ბრუნდება სურდო, რომელიც მიმდინარეობს ფრონტიტით, ჰაიმორიტით, ჭარბი ნახველით, თავის ტკივილით. ამასთან, ბოლო 10 დღის განმავლობაში გამოვლინდა, რომ ბევრ პაციენტს აწუხებს ყურების დაგუბება და სმენის დაქვეითება. ჩვენ ვიცით, რომ მსგავსი სიმპტომები კოვიდსაც ჰქონდა, თუმცა, ტესტებით კორონავირუსი არ დასტურდება.

ყველაზე მეტად მაინც წარმოდგენილია ზედა სასუნთქი გზების სიმპტომები. ბოლო 2 კვირაა, ნაკლებად არის წარმოდგენილი კუნთების ტკივილი და ფაღარათის ეპიზოდები.

ძირითადად, ვირუსის მიმდინარეობა რთულდება ასაკობრივ ჯგუფებში – აქ გვხვდება ბევრი მწვავე ბრონქიტის შემთხვევა.   რა თქმა უნდა, ქრონიკული პათოლოგიების მქონე პაციენტებსა და ასაკობრივ ჯგუფებში, რომელთაც ისედაც ჰქონდათ გარკვეული პათოლოგიები, ხდება იმ კონკრეტული დაავადების გამწვავება. აქვე უნდა ითქვას აუცილებლად, რომ ძალიან საყურადღებოა  პრევენციული ღონისძიებების ჩატარება იმ ადამიანებთან, რომელთაც წარსულში ფილტვების, რესპირატორული ტრაქტის  დაავადებები ჰქონდათ.– როგორ ვუმკურნალოთ ვირუსს სახლის პირობებში და რა ეტაპზეა აუცილებელი ექიმთან ვიზიტი?

– რა თქმა უნდა, ყველა ადამიანი სტაციონარში არ უნდა მოხვდეს, ეს აუცილებელია იმათთვის, ვისაც აღენიშნება სუნთქვის უკმარისობა, აქვს ქრონიკული და ფონური დაავადებები. ასევე არ არის აუცილებელი მოხუცთა ასაკში ყველას ჰოსპიტალიზაცია.

თუკი ჩვენ ვხედავთ, რომ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები დაგვეწყო მნიშვნელოვანია, შევატყობინოთ ოჯახის ექიმს და მისი მეთვალყურეობის ქვეშ ვიმყოფებოდეთ. იმ შემთხვევაში, თუ 7 დღის გასვლის შემდეგაც არ დაიწყო სიმპტომებმა ალაგება, არამედ დღითი დღე უფრო გვიუარესდება მდგომარეობა, აუცილებელია მიმართონ ექიმს, რათა გართულების დროს მოხდეს მათი დროული ჰოსპიტალიზაცია.

ოჯახში მკურნალობის შემთხვევაში, თუ ადამიანს აღენიშნება მაღალი ტემპერატურა (38.5 გრადუსზე მაღალი) აუცილებელია მან მიიღოს სიცხის დამწევი, შესაძლებელია ყოველ 6 საათში ერთხელ. ასევე, მნიშვნელოვანია იმ საშუალებების მიღება, რაც ყველამ ვიცით, ყელის ტკივილისა და ხველის შემთხვევაში ცხელი სასმელები, ჩაი, ასევე სხვადასხვა კომპოტი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ განუსაზღვრელი რაოდენობით მიღებაა რეკომენდებული. აუცილებელია სიმპტომების მართვა და მიმართვა ოჯახის ექიმისადმი. რათა თავიდან ავიცილოთ სიმპტომების კორელაცია. ჩვენ ახლა გვაქვს მობილობის სეზონი, წინასადღესასწაულო დღეებია, რა თქმა უნდა, მისვლა-მოსვლა მეტი იქნება, თუმცა დასნებოვნებულ ადამიანებს, თუკი არის რაიმე სიმპტომი, ვთხოვ, დაიცვან ჰიგიენური ნორმები, გაანიავონ ოთახი, ოჯახის წევრებთან კონტაქტისგან შეიკავონ თავი ან გამოიყენონ პირბადე, რადგან ძალიან სწრაფად ვრცელდება ეს ვირუსები.

ხშირ შემთხვევაში დაავადებული ადამიანები, ტემპერატურითაც კი, გადაადგილდებიან იმავე საზოგადოებრივი ტრანსპორტით და აუცილებელია, მათ ნიღაბი მაინც იქონიონ რათა არ გადასდონ სხვას. სწორედ დეკემბერი-იანვარი-თებერვალი, არის ის პერიოდი, როდესაც ყველაზე მეტად ვრცელდება ვირუსები და ეს ყოველთვის ასე იყო. ამიტომ მოსახლეობას მოვუწოდებ გაითვალისწინონ რეკომენდაციები და რჩევები – დაიცვან ჰიგიენა, საჭიროების შემთხვევაში ატარონ პირბადე და არ უგულებელყონ სიმპტომები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები