ვახტანგ ძაბირაძე: სააკაშვილი მშვენიერ გარემოშია, კომპიუტერი მაგას არ აკლია, ტელევიზორი და კარგი სასმელ-საჭმელი – გამოდის, დღეში ხუთი კაცი ნახულობს, თავისუფალი ვარ და მე ვერ ვხვდები ხუთ კაცს დღეში

“თუ მართლა ისე გართულდება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომ ლეტალური შედეგის საფრთხე დადგება, მაშინ ხელისუფლება იძულებული გახდება – გაუშვას, ვინაიდან არავითარ შემთხვევაში არ აწყობს სააკაშვილის სიკვდილი მის ხელში”, – ამის შესახებ ექსპერტი, ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.

მისივე თქმით, რაც უნდა განცხადებები გააკეთონ ევროპარლამენტარებმა და როგორი რეზოლუციებიც უნდა მიიღონ, ევროპის აღმასრულებელი ხელისუფლება ჩვეულებრივად განაგრძობს ურთიერთობას საქართველოს ხელისუფლებასთან და იმ გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებიც საქართველოს ეკონომიკას, სოციალურ საკითხებსა და უსაფრთხოებას უკავშირდება.

“სააკაშვილის ფაქტორმა “ქართული ოცნება” გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენა. ისეთი ვითარებაა ქვეყანაში, რომ ხელისუფლებას ძალიანაც რომ უნდოდეს, სააკაშვილს უცხოეთში ვერ გაუშვებს. რატომ? იმიტომ, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც სააკაშვილს უცხოეთში წასვლის საშუალებას მისცემს, მმართველი გუნდის მარცხად იქნება აღქმული. სააკაშვილის მშობლები და ნათესავები არა, მაგრამ მისი მხარდამჭერები, პარტია “ნაცმოძრაობა” იმას კი არ იტყვიან, რომ სააკაშვილი გადაარჩინეს, თავს გამარჯვებულად გამოაცხადებენ და უფრო გააქტიურდებიან ქუჩაში, გაუჩნდებათ განცდა, რომ ხელისუფლებას კიდევ მეტ დათმობაზე წამოიყვანენ. არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს სახით. თუმცა მათთვის საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას არსებითი მნიშვნელობა არ ექნება. რაც უნდა განცხადებები გააკეთონ ევროპარლამენტარებმა და როგორი რეზოლუციებიც უნდა მიიღონ, ევროპის აღმასრულებელი ხელისუფლება ჩვეულებრივად განაგრძობს ურთიერთობას საქართველოს ხელისუფლებასთან და იმ გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებიც საქართველოს ეკონომიკას, სოციალურ საკითხებსა და უსაფრთხოებას უკავშირდება. “ქართული ოცნება” არავითარ შემთხვევაში არ გადადგამს ნაბიჯს, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა, განსაკუთრებით მისი ელექტორატი, ხელისუფლების მარცხად ან დათმობად მიიჩნევს. არის ერთი გამონაკლისი – თუ მართლა ისე გართულდება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომ ლეტალური შედეგის საფრთხე დადგება, მაშინ ხელისუფლება იძულებული გახდება გაუშვას, ვინაიდან არავითარ შემთხვევაში არ აწყობს სააკაშვილის სიკვდილი მის ხელში.

როგორც “ემპათია” აცხადებს, თუ სააკაშვილის ჯანმრთელობა შეუქცევადად გაუარესდება, ორ-სამ თვეში შეიძლება ლეტალური შედეგი მივიღოთო. ბოლოდროინდელი ვიდეოჩანაწერი არ იძლევა იმის თქმის საბაბს, რომ სააკაშვილს რაღაც სასიკვდილო სჭირს. არც ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომ ამგვარი ჩანაწერის გასაჯაროებამ საზოგადოება აღაშფოთოს. რაც შეეხება პირობებს, საკმაოდ კომფორტულ პალატაში თუ საკანში ცხოვრობს. სიმართლე ვთქვათ, სააკაშვილი მშვენიერ გარემოშია, სადაც ახლაა, მაგას ციხე არ ჰქვია! კომპიუტერი მაგას არ აკლია, ტელევიზორი და კარგი სასმელ-საჭმელი. ერთ წელიწადში 1500 მნახველიც ჰყოლია. გამოდის, დღეში ხუთი კაცი ნახულობს, თავისუფალი ვარ და მე ვერ ვხვდები ხუთ კაცს დღეში. სააკაშვილს თვალით არ უნახავს საკნის ვირთხები და სალაფავი არ უჭამია. ეგ რა პატიმრობაა? იცით, რა არის გაუკუჭავი თევზისგან მომზადებული წვნიანი? “ქართულმა ოცნებამ” იცის, რომ სააკაშვილი ქართულ ციხეში არ უნდა მოკვდეს და ამას არ დაუშვებს.

შიმშილობა ქართულ პოლიტიკაში სიახლე არ არის, მაგრამ სხვა ყველაფერთან ერთად შიმშილობის თემაც გააუფასურეს, ყველაფერი თეატრალიზებული გახადეს. როგორც ადრე ვერ მოუტანა შიმშილობის გამოცხადებამ შედეგი “ნაციონალებს”, ახლაც ვერ მოუტანს. იშიმშილებენ რამდენიმე დღეს და გაჩერდებიან. ვერც ხელისუფლებაზე მოახდენენ გავლენას პროტესტის ამ ფორმით და ვერც საზოგადოებაზე. ვერც პარლამენტის დატოვება მოიტანს შედეგს. ოპოზიციის პრობლემა ის არის, რომ უმისამართოდ ისვრის ლოზუნგებს… ოპოზიციას გამოსავალი არ ექნება, სანამ აქცენტებს სწორად არ დასვამენ, მოსალოდნელ შედეგებს არ განსაზღვრავენ. სააკაშვილის მხოლოდ სასამართლო საქმე კი არა, ჯანმრთელობის საკითხიც პოლიტიკურ თემად იქცა. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ “ნაცმოძრაობა” სააკაშვილის გადასარჩენად კი არა, მისი მემკვიდრეობისთვის იბრძვის.

ქართველი საზოგადოება არ არის ქუჩაში გასასვლელად მზად. ერთი საინტერესო ფაქტი მინდა შეგახსენოთ – 1990 წლის საპარლამენტო არჩევნებში მეორე ადგილზე გავიდა ყველაზე მეტად დისკრედიტირებული ძალა – კომუნისტური პარტია. ეს ხომ უნდა გააანალიზოს ვინემ? “ნაცმოძრაობის” ელექტორატის დიდ ნაწილს წარმოადგენენ ყოფილი ჩინოვნიკები, იმ პერიოდში წელგამართული ბიზნესმენები და მათი ოჯახის წევრები. ამ ხალხს ისევ უნდა ხელისუფლებაში დაბრუნება, მაგრამ ერთიანი არ არიან. ამასთან, მათ ხალხის 2/3 უპირისპირდება. “ქართული ოცნება” არ მიიჩნევს, რომ სააკაშვილის თემის გამო ქვეყანა დაპაუზებული ჰყავს. შეგახსენებთ შარშანდელ ამბავს, როდესაც მსოფლიო რუსეთ-უკრაინის ომის მოლოდინში იყო, ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგი მთლიანად სააკაშვილზე იყო აწყობილი. დღეს ჩვენს რეგიონში მესამე მსოფლიო ომის ტოლფარდი კონფლიქტია, ჩვენ კი სერიოზულად განვიხილავთ, რა შეჭამა სააკაშვილმა… ახლა მე თქვენ გეკითხებით, რატომ გაუშვებს “ოცნება” სააკაშვილს. თუ დასავლეთიდან ძალიან სერიოზული ზეწოლა არ იქნება, ან უკრაინაში ომი მოკლე დროში არ დამთავრდება, გამორიცხულია ხელისუფლებამ სააკაშვილი 2024 წლის არჩევნებამდე გაუშვას”,- განაცხადა ძაბირაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები