წიგნის საახალწლო ფესტივალზე “სხვა სკოლა” გამომცემლობა “ინტელექტის” ბესტსელერი გახდა
წიგნის საახალწლო ფესტივალზე, რომელიც “ექსპო ჯორჯიაში” 16 დეკემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით იმართება, გამომცემლობა “ინტელექტის” ერთ-ერთი ბესტსელერი ნათია როსტიაშვილის რომანი – “სხვა სკოლა” გახდა.
ნათია როსტიაშვილის ახალი წიგნის – “სხვა სკოლა” წარდგენა თბილისის წიგნის საახალწლო ფესტივალზე ფესტივალის ფარგლებში გაიმართა. წიგნი გამომცემლობა ინტელექტის საგამომცემლო სერიის “გაკვეთილების შემდეგ საკითხავი”-ს ფარგლებში გამოიცა.
აღსანიშნავია, რომ რომანი „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში გამოცხადებული ქართველი მწერლების სარეზიდენციო პროგრამის გამარჯვებულია.
“რომანი “სხვა სკოლა” მოზარდებზეა, მაგრამ საკითხავად – მხოლოდ მოზარდებისთვის განკუთვნილი არ არის. თუკი ამბებს, რომელიც მთავარ პერსონაჟს უწიგნებო, წარმატებაზე ორიენტირებულ უცნაურ სკოლაში გადახდება, მშობლები და მასწავლებლებიც ისეთივე ინტერესით წაიკითხავენ, როგორითაც მათი შვილები და მოსწავლეები, ჩავთვლი, რომ წიგნმა თავისი მისია შეასრულა”,- ამბობს ნათია როსტიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ 16-18 დეკემბერს, „ექსპო ჯორჯიას“ მე-4 და მე-5 პავილიონებში, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციისა და თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების ორგანიზებით, თბილისის მერიის მხარდაჭერით, წიგნის საახალწლო ფესტივალი იმართება.




