„დროული იქნება, თუკი „საბას“ პრემიის დამაარსებლები ფიქრს იმაზეც დაიწყებენ, რომ ერთ-ერთ ნომინაციად საუკეთესო ხმოვანი წიგნიც დასახელდეს“…

„საბას” ერთ-ერთ ნომინაციასთან დაკავშირებით ფეისბუქის გვერდზე საკუთარ მოსაზრებას აქვეყნებს მუსიკოსი დავით ხოსიტაშვილი. მისი აზრით, დროული იქნება, თუკი „საბას“ პრემიის დამაარსებლები ფიქრს იმაზეც დაიწყებენ, რომ ერთ-ერთ ნომინაციად საუკეთესო ხმოვანი წიგნიც დასახელდეს.
„დარწმუნებული ვარ, ერთი მხრივ, ეს გაზრდის ხმოვანი წიგნების პოპულარობას, მათ ხარისხს, გააჩენს ჯანსაღ კონკურენციას და გამომცემლობებს მეტ სტიმულსაც მისცემს“, – წერს მუსიკოსი.

„ერთი საინტერესო იდეა მაქვს „საბას” ერთ-ერთ ნომინაციასთან დაკავშირებით:

მოგეხსენებათ, ხმოვანი წიგნები დღითი დღე მეტ პოპულარობას იძენს მთელ მსოფლიოში. საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ (ხალხს კითხვის დრო აღარ აქვს და გამოსავალი სწორედ ხმოვანი წიგნების მოსმენაა, საცობებსა თუ სეირნობისას), არც საქართველო ჩამორჩა ამ სიახლეს და მსმენელიც მატულობს.
რა თქმა უნდა, ჩვენმა გამომცემლობებმა და სტუდიებმა ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვეს და ჩვენს აუდიობიბლიოთეკას ემატება და ემატება ხმოვანი წიგნების ახალ-ახალი ნიმუშები.
მე არ მსურს ამჟამად საუბარი იმაზე, შესაძლებელია თუ არა სჯობდეს ფურცელზე დაწერილი ორიგინალი აუდიოვერსიას. ჩემი აზრით, ეს ცალკე განხილვის საგანია, მსგავსად კარგად გადაღებული ფილმებისა, რომლებსაც ესა თუ ის წიგნი უდევს საფუძვლად. თუმცა  აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ხმოვანი წიგნების ჩაწერის ხელოვნება ცალკეულ ყურადღებას იმსახურებს.
ალბათ დამეთანხმებით, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს წიგნის წამკითხველის ტემბრს, დიქციას, მის ოსტატობას და თავადაც თუ ესმის კარგად ის, რასაც კითხულობს; სად გადის „ოქროს შუალედი“ მდორედ, მონოტონურად წაკითხულ ტექსტსა და გადამეტებულ მსახიობურ თამაშს შორის? ხმოვანი წიგნების გადმოსაწერ და მოსასმენ აპლიკაციებში სასურველი წიგნის ძებნისას, საძიებელ ველთა ჩამონათვალში მთხრობელის გვარსაც ვნახულობთ. ამ ინფორმაციამ შესაძლოა, გადაგვაწყვეტინოს, ღირს თუ არა ამა თუ იმ წიგნის წაკითხვა.
ცალკე საკითხია (და ჩემი რწმენით, საკმაოდ მნიშვნელოვანიც) ხმოვანი წიგნის მუსიკალური გაფორმებაც…
ერთი სიტყვით, ხმოვანი წიგნების ჩაწერა უკვე კარგა ხანია, ხელოვნების ცალკეულ დარგად არის ჩამოყალიბებული და, ისევე როგორც წიგნების ეკრანიზაციის ან რადიოსპექტაკლების შეფასების შემთხვევაში, ისიც იმსახურებს მსმენელის, სპეციალისტებისა და კრიტიკოსების საგანგებო ყურადღებას.
სწორედ ამიტომ ვფიქრობ, დროული იქნება თუკი „საბას“ პრემიის დამაარსებლები ფიქრს იმაზეც დაიწყებენ, თუკი ერთ-ერთ ნომინაციად საუკეთესო ხმოვანი წიგნიც დასახელდება. დარწმუნებული ვარ, ერთი მხრივ, ეს გაზრდის ხმოვანი წიგნების პოპულარობას, მათ ხარისხს, გააჩენს ჯანსაღ კონკურენციას და გამომცემლობებს მეტ სტიმულსაც მისცემს“.
                                                 პატივისცემით, „საავტორო სტუდიის” დამფუძნებელი დავით ხოსიტაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები