თავდაცვის სამინისტრომ მართლმადიდებელ ეკლესიასთან მემორანდუმი გააფორმა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის დღეს მემორანდუმი გაფორმდა – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით, სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში შეთანხმებას ხელი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარსეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, ილია II მოაწერეს. შეთანხმება სულიერი, ზნეობრივი და მამულიშვილური საწყისების განმტკიცებას, სამშობლოს წინაშე სამხედრო ვალდებულების კიდევ უფრო ღრმად გააზრებას, სამხედრო-პატრიოტული სულის აღორძინებასა და განმტკიცებას ითვალისწინებს. მხარეთა შორის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს სარწმუნოებრივი შემწყნარებლობისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაზრდას.
მემორანდუმი საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო სასწავლო დაწესებულებებსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სასწავლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობას, ასევე, დაჭრილ და ტრავმირებულ სამხედრო მოსამსახურეთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კუთხით ღვთისმსახურთა დახმარებას გულისხმობს. ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და მისი მოადგილეები, ასევე, თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, სამხედრო მაღალჩინოსნები, და სასულიერო პირები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები