ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიაზე ტარიფებს, სულ მცირე, 2024 წლამდე არ გაზრდიან

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა 2023 წლის 31 დეკემბრამდე, „ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდის მორატორიუმის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.

განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ კანონის მიღება რამდენიმე ფაქტორით იყო განპირობებული.

პირველი, 2022 წლის ივლისში ენერგოტარიფების ზრდის პირველ ეტაპს, პროცენტული კუთხით, გადახდების აკრეფის ზრდა არ მოჰყოლია.

მეორე, ელექტროენერგიის მოხმარების აღრიცხვის სისტემის არარსებობის ტვირთი ეკისრება მხოლოდ იმ მომხმარებლებს, რომელთა სახლების მრიცხველებით აღჭურვა მოხდა.

და მესამე, ელექტროენერგიის ტარიფის ზრდას მომხმარებლებისთვის გაწეული მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება არ გამოუწვევია.

გარდა ამისა, განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდა სოციალურად არაადეკვატური ზომაა, რადგან ე.წ. რესპუბლიკაში ე.წ. მინისტრთა კაბინეტის მიერ დადგენილი მინიმალური ხელფასი 10 000 რუბლს შეადგენს, ხოლო ფიზიკური პირებისთვის ელექტროენერგიაზე ყოველთვიური საშუალო გადასახადი 1000 რუბლია, სხვა კომუნალური გადასახადების გათვალისწინების გარეშე.

“ეს გადახდა მძიმე ტვირთად აწვება მოსახლეობის სოციალურად დაუცველ ფენებს, მრავალშვილიან ოჯახებს, პენსიონერებს. დღეს აფხაზეთში, დაახლოებით, 12 ათასი პენსიონერი რუსულ პენსიას ვერ იღებს და მათი შემოსავალი სამი ათასს რუბლს შეადგენს. ხოლო მოხმარებული ელექტროენერგიისთვის პენსიის 50%-ის გადახდა – შეუძლებელია”, – განმარტებულია დოკუმენტში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები