იუსტიციის მინისტრის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ცალმხრივი და არაობიექტური ინფორმაცია ვრცელდება
„ვრცელდება ცალმხრივი და არაობიექტური ინფორმაცია, რომელიც არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, გავრცელებული ინფორმაციები „შერჩევითად“ არის ამოღებული.
„ვრცელდება ცალმხრივი და არაობიექტური ინფორმაცია, რომელიც არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით და მხოლოდ „შერჩევითად“ არის ეს ინფორმაციები ამოღებული. მაგალითად, გავრცელებული სურათი, რომელშიც მსჯავრდებული სააკაშვილი არის ასახული და რომელიც გადაღებული არის ექსპერტის მიერ, რომელიც ცენტრი „ემპათიის“ მიერ იყო მოწვეული და ჩანაწერი, სადაც სულ რამდენიმე სიტყვაა ნათქვამი. თუ ვინმე მიიჩნევს, რომ მსგავსი ტიპის ინფორმაცია უნდა ვრცელდებოდეს, მაშინ კეთილი ინებონ და გაავრცელონ მთელი ინფორმაცია. მაგრამ მთელ ინფორმაციას ბუნებრივია არ გაამჟღავნებენ, იმიტომ რომ მათ ეს არ აწყობთ. რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ თუ არ იქნება მიღებული სათანადო გადაწყვეტილება, რომელიც მათ აწყობთ სასამართლოს მიერ, მაშინ ისინი გამოიყენებენ ყველა ხერხს. აქვე ამ ადამიანებს შევახსენებ, რომ არაკონსტიტუციური ხერხების გამოყენება არის დანაშაული და დამნაშავე პასუხს აგებს კანონის წინაშე“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.