“რუსეთს სურს მოლდოვის პროევროპული მთავრობის დამხობა და სსრკ-ის აღორძინება” – მაია სანდუ
მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებით, მოლდოვას არ სურს სსრკ-ში დაბრუნება, რომლის აღორძინებაზეც ხშირად საუბრობენ მოსკოვში. მისი თქმით, კიშონიოვი აფიქსირებს დემოკრატიული პროევროპული ხელისუფლების დამხობის მცდელობებს.
ამის შესახებ მან რუმინულ გამოცემა rfi.ro-სთან ინტერვიუში თქვა.
„მოლდოვასთვის უკრაინაში ომი საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას, დემოკრატიას და ევროპულ გზას. მოსკოვიდან ბევრჯერ მსმენია, რომ საბჭოთა კავშირის აღორძინება უნდათ. ეს პირდაპირ ჩვენც გვეხება. ჩვენ არ გვინდა სსრკ-ში დაბრუნება, რადგან გვინდა – ვიცხოვროთ თავისუფალ საზოგადოებაში, დემოკრატიულ ქვეყანაში“, – თქვა პოლიტიკოსმა.
მან აღნიშნა, რომ რუსეთი ცდილობს მოლდოვაში პრორუსული ხელისუფლების სათავეში მოსვლას.
„ცხადია, მოსკოვს სურს პრორუსული მთავრობა კიშინიოვში. ეს არ არის საიდუმლო. არის სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობები ფასიანი საპროტესტო აქციებით, ენერგეტიკაში სიტუაციის გამოყენებით და გაზისა და ელექტროენერგიის ძალიან მაღალი ფასებით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიწოდების მოცულობის შემცირებით. ეს არის “გაზპრომის ცალმხრივი გადაწყვეტილება, რომელსაც არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. ყველა ეს ელემენტი მიმართულია კიშინიოვში პროევროპული მთავრობისთვის ძირის გამოთხრისკენ“, – ხაზგასმით აღნიშნა სანდუმ.
სანდუ ასევე შეეხო დნესტრისპირეთის კონფლიქტის თემას და თქვა, რომ კიშინიოვი ამ საკითხის მოგვარებას მხოლოდ მშვიდობიანი გზით აპირებს.
სანდუ მიიჩნევს, რომ, რუსეთთან ომში უკრაინის გამარჯვების შემდეგ, მოლდოვას კონფლიქტის მოსაგვარებლად ყველა წინაპირობა ექნება.
“კონფლიქტის მოგვარების შესაძლებლობა გაჩნდება, როდესაც უკრაინა ომს მოიგებს. და დიახ, ჩვენ ვმუშაობთ ამ გადაწყვეტის დეტალებზე”, – განაცხადა სანდუმ.