ზელენსკიმ ექვსი პრიორიტეტული საკითხი დაასახელა, რომელიც უკრაინას ზამთრის გადატანაში დაეხმარება

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარიზში, საერთაშორისო კონფერენციაზე – „სოლიდარობა უკრაინელ ხალხთან“ კონფერენციაზე ვიდეომიმართვისას 6 პრიორიტეტული ამოცანა დაასახელა, რომელიც ქვეყანას ზამთრის გადატანაში დაეხმარება.

როგორც უკრაინის ლიდერმა თქვა, ქვეყანას ესაჭიროება:

ტრანსფორმატორები, აღჭურვილობა მაღალი ძაბვის ქსელების აღდგენისთვის, გაზის ტურბინებისთვის ენერგობლოკები;

გათბობის სეზონის დასრულებამდე ქვეყნის ენერგოსისტემას ევროპის ქვეყნების მხრიდან „საავარიო მხარდაჭერა” დასჭირდება;

ზელენსკიმ მოითხოვა ევროკავშირის წარმომადგენლების სპეციალური მისიების გაგზავნა კრიტიკულ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებში, IAEA-ს დელეგაციის მსგავსად, რომელიც ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ეწვია.

ზამთრის გადასატანად უკრაინამ, დაახლოებით, 2 მილიარდი კუბური მეტრი გაზი უნდა შეიძინოს, რისთვისაც კიევს დასავლელი მეზობლების დახმარებაც სჭირდება.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წერტილი მუდმივი ელექტროენერგიის გათიშვის პირობებში დაბალხარჯიანი LED ნათურებია.

ასევე, უკრაინის ლიდერის თქმით, აუცილებელია – ჩამოყალიბდეს მრავალმხრივი შეხვედრების „პარიზის მექანიზმი“, დღევანდელი კონფერენციის მსგავსად, რომელიც „შესაძლებელს გახდის რუსეთის ენერგეტიკული ტერორის ყველა გამოწვევას დროული და ეფექტური პასუხის გაცემას“.

ზელენსკის თქმით, ამ ექვსი ამოცანის გადაწყვეტა „უკრაინას არა მხოლოდ ზამთარში გადარჩენის საშუალებას მისცემს, არამედ ნათლად დაუმტკიცებს ნებისმიერ ანტიდემოკრატიულ და ანტიევროპულ ძალას (და, პირველ ყოვლუსა, რუსეთს), რომ ევროპამ ისწავლა კატასტროფების თავიდან აცილება და საკუთარი ხალხის დაცვა”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები