ლევან იოსელიანი: სახალხო დამცველის არჩევა სცდება რომელიმე ერთი პარტიის ინტერესს, ეს საკითხი არის 12 პუნქტიდან ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელიც უნდა შევასრულოთ კანდიდატის სტატუსის მისაღებად

“სახალხო დამცველის არჩევა სცდება რომელიმე ერთი პარტიის ინტერესს. ეს საკითხი არის 12 პუნქტიდან ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელიც უნდა შევასრულოთ კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ამიტომ, ყველას გვაქვს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა”, – ამის შესახებ „მოქალაქეების” წევრმა, ლევან იოსელიანმა “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

იოსელიანმა ომბუდსმენის არჩევის საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორს გამართული შეხვედრაც შეაფასა.

„სამწუხაროდ, დღევანდელი შეხვედრის შემდეგ მნიშვნელოვანი წინსვლა არ იყო, თუმცა, შევთანხმდით ამ საკითხებზე საუბრის გაგრძელებაზე, რაც იმის დადასტურებაა, რომ მხარეები დაინტერესებულები არიან შეთანხმების მიღწევით. სახალხო დამცველის არჩევა სცდება რომელიმე ერთი პარტიის ინტერესს. ეს საკითხი არის 12 პუნქტიდან ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელიც უნდა შევასრულოთ კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ამიტომ ყველას გვაქვს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა, ყველამ უნდა გადავხედოთ წითელ ხაზებს და ულტიმატუმებს, გამოვიჩინოთ მეტი მოქნილობა. შეთანხმება ვერ შედგება, თუ ყველა მხარეს ამის სურვილი არ ექნება. მხარეები ჯერჯერობით რჩებიან იმ პოზიციებზე, რომელიც თავიდანვე გაცხადებული ჰქონდათ. ოპოზიცია სამ კანდიდატს უჭერს მხარს, „ქართული ოცნება“ კი ამ კანდიდატებს მხარს არ უჭერს. ჩვენი, სხვა პარტიების მცდელობა არის, რომ სხვა კანდიდატებზეც შედგეს რეალური დებატები. ამაზე იყო ძირითადად საუბარი, უფრო დეტალურად ამაზე ვერ ვისაუბრებ. ძალიან ცუდი იქნება, თუ შეთანხმება ვერ შედგება, ვინაიდან ეს ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესებს“, – აცხადებს იოსელიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები