მამუკა მდინარაძე – ომბუდსმენობის კანდიდატებზე: შევეცდებით, პარასკევს უფრო ნათელი გახდეს, ვისთან დაკავშირებით შეიძლება კონსენსუსი
“ვერ გეტყვით, რომ სახალხო დამცველის კანდიდატურაზე დღეს არსებითი შედეგი მივიღეთ, შევეცდებით, პარასკევს უფრო ნათელი გავხადოთ, ვისთან დაკავშირებით შეიძლება კონსენსუსი”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ სახალხო დამცველის კანდიდატურასთან დაკავშირებით მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, თემასთან დაკავშირებით ბევრ დეტალზე გამახვილდა ყურადღება.
„ვერ გეტყვით, რომ დღეს რაიმე არსებითი შედეგი მივიღეთ. ძალიან ბევრი ვისაუბრეთ კონკრეტულ კანდიდატებზე, პლუს-მინუსებით. გვქონდა ჩვენ ჩვენი პოზიციები, თუმცა, დღეს მათი გარეთ გამოტანა, ვფიქრობ, პროცესს დააზიანებს. ამ აზრში გვეთანხმებიან ჩვენი ოპონენტებიც და შევეცდებით, რომ პარასკევს უფრო ნათელი გავხადოთ, ვისთან დაკავშირებით შეიძლება იყოს, ორივე მხრიდან, კომპრომისული ვერსია და ამით მიღწეულ იქნეს კონსენსუსი. ვისაუბრეთ ბევრ დეტალზე. მათ შორის, პერსონიფიცირებით. თუმცა, ჩვენი დისკუსიის ბოლოს, ყველამ ერთხმად ვთქვით, რომ დღეს სახალხო დამცველის კონკრეტულ კანდიდატებზე კონკრეტული მესიჯების გარეთ გამოტანა ორივე მხარეს უხერხულში ჩაგვაყენებს და იმის შესაძლებლობას მოსპობს, გავაგრძელოთ კონსულტაციები. უფრო გასაგები რომ იყოს, წარმოიდგინეთ, რომელიმე კანდიდატზე ვთქვათ, რომ ეს არის მიუღებელი, ვიღაც მისაღებია, ამ კანდიდატებზე ვმსჯელობთ, დავიწროვდა წრე ჩვენი მხრიდან, მეორე მხრიდანაც და ასე შემდეგ, ვფიქრობ, ეს პროცესს დააზიანებს. ამიტომ, კონსენსუსი ამ ეტაპზე მხოლოდ იყო იმაზე, რომ ამაზე ვერ ვისაუბრებთ. ბოდიში საზოგადოებას. რამდენიმე დღეში შევეცდებით, კონკრეტულ ერთ კანდიდატზე შევჯერდეთ. ვისაუბრეთ თითოეულ კანდიდატზე. თითოეულთან დაკავშირებით, ჩვენი პოზიციები დეტალურად იციან, ისევე როგორც ჩვენ ვიცით მათი პოზიციები. ერთმანეთს მივეცით საშუალება და წინადადება, რომ რამდენიმე დღეში, თითოეულმა გუნდმა, ფრაქციამ, თუ პოლიტიკურმა ჯგუფმა ჩამოაყალიბოს პოზიცია ამ კანდიდატებზე. სხვადასხვა ვერსიები იყო. აქედან გამომდინარე, პარასკევს შევხვდებით უფრო კონკრეტული პოზიციებით, იმ მსჯელობისა და კამათის საფუძველზე, რაც დღეს გაიმართა ამ შეხვედრაზე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.