„რა პრობლემები შეიძლება, გამოიწვიოს წამლების ჭარბად, არამიზნობრივად მიღებამ?“ – ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის განმარტება

არასაჭირო მედიკამენტების გამოყენება კატასტროფაა, – ამის შესახებ ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბუწაშვილმა მედიკამენტების ჭარბად მოხმარების საკითხის შესახებ ისაუბრა და განმარტა, რა პრობლემები შეიძლება, გამოიწვიოს წამლების დიდი რაოდენობით და არამიზნობრივად მიღებამ.

მისი თქმით, ჩვენთან განსაკუთრებულ პრობლემას ანტიბიოტიკების არარაციონალური გამოყენება წარმოადგენს.

„რეალურად, თითოეული ექიმის დონეზე ძალიან მარტივი აღსაქმელია ის, რომ საქართველოს საშუალო სტატისტიკურ მოქალაქეს ძალიან უყვარს ბევრი წამალი. ზუსტი რიცხვებია არ მაქვს, მაგრამ მედიკამენტების გაყიდვებიც ძალიან დიდ მასშტაბებს აღწევს. ისედაც, პაციენტებისგან ექიმებზე რაღაცნაირი წნეხია, რომ რაც შეიძლება მეტი წამალი უნდა დაინიშნოს, რადგან ადამიანს რაღაცნაირი განწყობა აქვს, რომ დაავადება აუცილებლად მედიკამენტით უნდა მოირჩინოს. სამწუხაროდ, მეორე მხრივ, ეს პრობლემა ჯანდაცვის მუშაკებშიც გვაქვს. დასამალი არ არის, რომ ზოგჯერ არასაჭირო მედიკამენტები, ერთი და იმავე დანიშნულების ორი და სამი მედიკამენტი ინიშნება. ამასთან დაკავშირებითაც სერიოზული მუშაობაა  საჭირო. ალბათ, შესაბამისი სტრუქტურებიდან მეტი კონტროლი გვჭირდება. ჩვენთან განსაკუთრებულ პრობლემას ანტიბიოტიკების არარაციონალური გამოყენება წარმოადგენს. სულ ამაზეა ლაპარაკი. მაგრამ ეს საკითხი არ მოგვარდა და კიდევ უფრო უარესდება. კოვიდის პანდემიამ ეს საკითხი კიდევ უფრო გაამძაფრა. ადამიანებს კოვიდის დროსაც ჰქონდათ განცდა, რომ აუცილებლად რაღაც წამალი უნდა მიეღოთ. იღებდნენ ტომოგრაფიას, იქ იყო დაზიანების უბნები და მიაჩნდათ, რომ თუ ფილტვი დაზიანებულია, რა თქმა უნდა, ე.ი ადამიანმა ანტიბიოტიკი უნდა მიიღოს. ეს აბსოლუტურად გაუმართლებელია იმიტომ, რომ ვირუსულ დაზიანებას არავითარი ანტიბიოტიკი არ სჭირდება. ანტიბიოტიკი ვირუსების საწინააღმდეგოდ არ შექმნილა. ის ბაქტერიული ინფექციებისთვისაა. ამის მიუხედავად, კოვიდის მქონე პაციენტების ძალიან დიდი ნაწილი სრულიად უსარგებლოდ დიდი რაოდენობით ანტიბიოტიკს იღებდა, რასაც მივყავართ იქამდე, რომ წამალგამძლე ბაქტერიების დიდი პრობლემაა. ეს პრობლემა 21-ე საუკუნეში ისედაც იყო და ახლა, კოვიდის შემდეგ კიდევ უფრო დიდი პრობლემაა. არსებობენ ბაქტერიები, რომლებიც უკვე, ფაქტობრივად, ანტიბიოტიკების მიმართ სრულიად გამძლენი არიან. ეს ყველას აშფოთებს“, – განაცხადა ბუწაშვილმა.

მისივე თქმით, ადამიანები არამიზნობრივად ჰორმონალურ პრეპარატებსაც იღებენ.

„გარდა ანტიბიოტიკებისა, ადამიანები ასევე საყოველთაოდ ჰორმონებს იყენებენ. განსაკუთრებით შესამჩნევი ეს კოვიდის დროს იყო. მაგალითად, დექსამეტაზონს იმაზე ბევრად მეტი გამოყენება აქვს, ვიდრე ეს საჭიროა. სამწუხაროდ, ეს პრეპარატები ურეცეპტოდ გაიცემა და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, მეზობლის და ახლობლის რჩევით შეიძინოს. ამ თემასთან სერიოზული ბრძოლა გვჭირდება. ზოგადად, ჰორმონალური პრეპარატების ხანგრძლივი გამოყენება სერიოზულ პრობლემას ქმნის. მაგალითად, დიაბეტის რისკის მხრივ. ჩვენ ეს კოვიდპანდემიის დროს ვნახეთ. ბევრ ადამიანს ნახშირწყლოვანი ცვლა სერიოზული დარღვევებით ჰქონდა. ასევე შეიძლება, კუჭიდან სისხლდენა გამოიწვიოს, ბევრ ადამიანს კუჭ-ნაწლავის პრობლემები აქვს. ჰორმონების გამოყენებამ, შეიძლება, სისხლდენა გამოიწვიოს. ეს კატეგორიულად დაუშვებელია. ჩვენთან ასევე ჰორმონული პრეპარატების ამპულის გატეხის და დალევის უცნაური პრაქტიკაა, რაც არცერთ ოფიციალურ გაიდლაინში არაა.

ასევე, ადამიანები არარაციონალურად ე.წ. სისხლის გამათხელებელ პრეპარატებს იყენებენ. ეს ისევ და ისევ კოვიდპანდემიის დროს განსაკუთრებით შეინიშნებოდა.  ბრენდებს არ დავასახელებ, მაგრამ ეს პრეპარატები  ფართოდ გამოიყენება. ადამიანები  ანალიზებს  თავისით იკეთებდნენ, მკურნალობას თავად ინიშნავდნენ.  კოვიდი ახალი იყო, ყველას ეშინოდა, თავის  დასაზღვევად   ანტიკუაგულაციურ და ანტიაგრეგაციულ თერაპიას  ექიმებიც არასაჭიროდ ნიშნავდნენ. აქაც პრობლემა ისაა, რომ ეს,  შეიძლება,  სისხლდენით გართულდეს.

ზოგადად, მედიკამენტებს ისედაც ბევრი გვერდითი მოვლენა აქვს. როდესაც საჭიროა, მაშინაც პრობლემაა, მაშინაც ფრთხილად დანიშვნა უნდა. არასაჭირო მედიკამენტების გამოყენება საერთოდ კატასტროფაა. ჩვენ არ ვიცით მომავალში, წლების მერე ამ მედიკამენტების ასეთი ფართო გამოყენება რა შედეგებამდე მიგვიყვანს. 

ამ ვითარებიდან გამოსავალი,  პირველ რიგში, რეცეპტურაა, რეცეპტი ძალაში უნდა იყოს. ამის მცდელობა ბევრჯერ იყო.  ოფიციალურად ელექტრონული რეცეპტების სისტემა  ახლაც გვაქვს.  ძალიან კარგი სისტემა შეიქმნა, მაგრამ, ეს უნდა მუშაობდეს.  აფთიაქში  ურეცეპტოდ მედიკამენტების ყიდვა ისევ შეგვიძლია.  ამაზე კონტროლი უნდა იყოს. მეორე მხრივ,  თავად ჯანდაცვის მუშაკების  დანიშულებებზეც ცოტა მეტი ზედამხედველობა უნდა იყოს. გასაგებია, რომ კოვიდის დროს ამისთვის, ფაქტობრივად,  არავის ეცალა, მაგრამ,  რაღაც დროს  იმაზე ზედამხედველობა და მონიტორინგი, თუ როგორ ინიშნება მედიკამენტები და როგორ ხდება მათი გაყიდვა,  აუცილებლად უნდა იყოს“, – განაცხადა მაია ბუწაშვილმა.

 

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები