თენგიზ ფხალაძე: დღეს ნებისმიერი განცხადება, ქმედება უნდა იყოს მიმართული იქითკენ, თუ როგორ გაერთიანდეს ძალები, რათა საერთო მტერი, რუსეთი შეჩერდეს და საფრთხე აღმოიფხვრას

“უკრაინა დადგა სასტიკი სამხედრო აგრესიის წინაშე, მის სახელმწიფოებრიობას საფრთხე დაემუქრა სწორედ იმ ძალისგან, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოსაც. ჩვენ საერთო მტერი გვყავს, რომლისთვისაც მიუღებელია როგორც დამოუკიდებელი, დემოკრატიული უკრაინა, ასევე, დამოუკიდებელი, დემოკრატიული საქართველო და ამას არც მალავს”, – ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, თენგიზ ფხალაძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.

მისივე თქმით, დღეს ნებისმიერი განცხადება, ქმედება უნდა იყოს მიმართული იქითკენ, თუ როგორ გაერთიანდეს ძალები, რათა საერთო მტერი, რუსეთი შეჩერდეს და საფრთხე აღმოიფხვრას.

“ყველა განცხადებას ნუ გამოვედევნებით, შესაძლოა ორივე მხარეს აღმოვაჩინოთ სასაყვედურო. მთავარია სხვა რამ – 24-მა თებერვალმა სრულიად შეცვალა მოცემულობა არა მარტო უკრაინაში, არა მარტო უკრაინასა და საქართველოს შორის, არამედ მთელ მსოფლიოში. ამიტომ არა აქვს მნიშვნელობა, რა იყო მანამდე, რა გაკეთდა სწორად ან არასწორად.

რაც მთავარია, უკრაინა დადგა სასტიკი სამხედრო აგრესიის წინაშე, მის სახელმწიფოებრიობას საფრთხე დაემუქრა სწორედ იმ ძალისგან, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოსაც. ჩვენ საერთო მტერი გვყავს, რომლისთვისაც მიუღებელია როგორც დამოუკიდებელი, დემოკრატიული უკრაინა, ასევე დამოუკიდებელი, დემოკრატიული საქართველო და ამას არც მალავს. 24 თებერვლის შემდგომ წყალგამყოფი შეიქმნა და მთელი ცივილიზებული სამყარო უკრაინის გვერდით დადგა. ამიტომ ნებისმიერი განცხადება, რომელიც ადანაშაულებს უკრაინას რაიმეში, ან რომელიც რუსულ ნარატივში ჯდება, წამგებიანი და დამაზიანებელია. ნიშნის მოგება, აი, ომი ვერ აიცილეს თავიდანო, წამგებიანია. დღეს ნებისმიერი განცხადება, ქმედება უნდა იყოს მიმართული იქითკენ, თუ როგორ გავაერთიანოთ ძალები, რათა საერთო მტერი, რუსეთი, შეჩერდეს და საფრთხე აღმოიფხვრას. თავისთავად ცხადია, ეს არ ნიშნავს სამხედრო კონფრონტაციას. ლაპარაკია სწორ ქმედებებზე, აქტიურ დახმარებაზე იმ ქვეყნისთვის, რომელიც ჩვენი მეგობარი, სტრატეგიული პარტნიორია და რომელთანაც ძალიან ბევრი რამ გვაქვს საერთო. ჩვენ არ გვაერთიანებს მხოლოდ ის, რომ რუსეთს ორივეს ტერიტორიის დიდი ნაწილი ოკუპირებული აქვს. არა, ამის გარდა ჩვენ გვაქვს საერთო ინტერესები, კერძოდ, ევროპული, ევროატლანტიკური ინტეგრაცია; ამ საერთაშორისო პროექტების განვითარებასაც ერთად ვაპირებთ და ეს ჩვენი საერთო გრძელვადიანი ინტერესია. აი, ამაზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებული, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და სიკეთის მომტანი”, – განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე – “გასაგებია, უკრაინას რაც სწყინს საქართველოს ხელისუფლებისგან. საქართველო რაზეა ნაწყენი?” – რესპონდენტი პასუხობს, რომ წვრილმანებზე გამოკიდება არასწორია.

“ამის გარკვევას აზრი არა აქვს, ძალიან შორს წავალთ. ამ ყველაფრის უმეტესი ნაწილი მაინც დაკავშირებულია ყოფილ პრეზიდენტთან, როდესაც ის უკრაინაში თანამდებობის პირი იყო, მის განცხადებებთან, რომელთა გამო ზოგიერთ შემთხვევაში ჩვენს ხელისუფლებას მართლაც აქვს პრეტენზია, მაგრამ კიდევ ვამბობ – 24 თებერვლის შემდეგ ამას აღარანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს. 24 თებერვლის შემდეგ მსოფლიო შეიცვალა. ამიტომ ასეთ წვრილმანებზე გამოკიდება არასწორია. იმის გარკვევა კი არ უნდა დავიწყოთ, თუ პირველმა ვინ რა გააკეთა რაღაც არასწორად, არამედ კონცენტრირებული უნდა ვიყოთ ჩვენს საერთო ინტერესებზე…მნიშვნელობა არა აქვს, ეს განცხადებები რა განწყობით კეთდება, შედეგი ერთია – საქართველო ზარალდება. საქართველოს არ უნდა სჭირდებოდეს ვინმესთან თავის მართლება.

ურთიერთობის დარეგულირების შანსი ყოველთვის არსებობს, თუკი მოვინდომებთ. რა თქმა უნდა, მხოლოდ რიტორიკაზე არ არის ლაპარაკი. ბევრი რაღაცის გაკეთება შეიძლება, რომლითაც დავანახებთ მსოფლიოს და დავამტკიცებთ იმ პოზიციას, რა პოზიციაზეც უნდა ვიდგეთ. ხშირია ისეთი შემთხვევებიც, როდესაც საქმეს ვაკეთებთ და მერე გაკეთებულს არასწორი განცხადებებით ვაუფასურებთ. ასე რომ, მთელი კომპლექსია, ერთი მიზეზის გამოყოფა, ალბათ, არასწორი… მილიონი მიზეზი შეიძლება მონახოს ერთმაც და მეორე მხარემაც, თუ ამოცანა ქიშპობის გაღვივებაა. კი, იყო განცხადებები, რომლებიც არ მოგვეწონა, მაგრამ უკრაინელებმაც შეიძლება გაიხსენონ. საერთაშორისო და პარტნიორების ურთიერთობები ასე არ იგება. მთავარი პრობლემა ის არის, რომ დღეს რა კალაპოტშიც მიდის ქართულ-უკრაინული ურთიერთობა, არასწორია. ეს არის მთავარი, ეს პარადიგმა უნდა შეიცვალოს და მერე ყველაფერს მოევლება”, – განაცხადა ფხალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები