უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში ფრონტზე არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, დონბასში საკვანძო მიმართულებებზე – ბახმუტში, სოლედარში, მარინკასა და კრემენაში ვითარება კვლავ ძალიან მძიმე რჩება.
„ამ რაიონების მიწაზე უკვე დიდი ხანია ცოცხალი ადგილი არაა დარჩენილი, რომელიც ჭურვებითა და ცეცხლით არ იქნებოდა დაზიანებული. ოკუპანტებმა ფაქტობრივად გაანადგურეს ბახმუტი – დონბასის კიდევ ერთი ქალაქი, რომელიც რუსულმა არმიამ გადამწვარ ნანგრევებად აქცია.
მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს გმირს, ყველა ჯარისკაცსა და ხელმძღვანელებს, რომლებიც ამ მიმართულებებით ფრონტზე იმყოფებიან, თავდასხმებს იგერიებენ და მტერს მნიშვნელოვან ზარალს აყენებენ – უკრაინაში რუსეთის დროშით შემოსული ჯოჯოხეთის საპასუხოდ.
დიდება ყველას, ვინც იბრძვის უკრაინისთვის! მადლობა ყველას, ვინც მუშაობს ჩვენი ხალხის გულისთვის! მარადიული ხსოვნა ყველას, ვინც სიცოცხლე გაწირა დამოუკიდებლობისთვის! დიდება უკრაინას!“, – განაცხადა ზელენსკიმ.