“დასავლეთს რუსეთის დაშლის არ უნდა ეშინოდეს ისევე – როგორც ოდესღაც საბჭოთა კავშირის დაშლის შიში გაქრა” – დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნებს რუსეთის დაშლის არ უნდა ეშინოდეთ ისევე – როგორც ოდესღაც საბჭოთა კავშირის დაშლის შიში გაქრა.

ამის შესახებ მან გაზეთ The Wall Street Journal-თან ინტერვიუში თქვა. ​

პუბლიკაციის ავტორები აღნიშნავენ, რომ უკრაინის დასავლელი მოკავშირეები ყველაფერს აკეთებენ, რათა თავიდან აიცილონ მისი დამარცხება რუსეთთან ომში, მაგრამ, ჯერჯერობით, დასავლეთში ყველას არ მოსწონს კიევის დამაჯერებელი გამარჯვების პერსპექტივა. ასეთი სცენარის მიხედვით, უკრაინა დაიბრუნებს კონტროლს არა მხოლოდ თებერვლიდან დაკარგულ ტერიტორიებზე, არამედ – ყირიმზე, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ნაწილებზე, რომლებიც მას 2014 წელს წაართვეს.

როგორც Wall Street Journal-ი წერს, “ზოგიერთი მოკავშირე შიშობს, რომ ასეთმა შედეგმა შესაძლოა, გამოიწვიოს ბირთვული იარაღის მქონე რუსული სახელმწიფოს სრული დესტაბილიზაცია, რაც პოტენციურად გამოიწვევს მის დაშლას და ფართო სამოქალაქო არეულობას, რაც მთელი მსოფლიოსთვის არაპროგნოზირებადი შედეგების მომტანი შეიძლება, იყოს”.

ამაზე უკრაინის პირველმა დიპლომატმა თქვა, რომ ასეთი შიშები მას აშშ-ის პრეზიდენტის, ჯორჯ ბუში-უფროსის პოზიციას ახსენებს, რომელიც თავის ცნობილ, 1991 წლის გამოსვლაში საუბრობდა “თვითმკვლელი ნაციონალიზმის” საშიშროების შესახებ და მოუწოდებდა უკრაინას, საბჭოთა კავშირის შენარჩუნების სახელით, უარი ეთქვა მოსკოვისგან დამოუკიდებლობის იდეაზე.

“მოვუწოდებ მსოფლიოს, არ შეგეშინდეთ რუსეთის დაშლის. როგორც კი ისტორიის ბორბლები ტრიალს დაიწყებენ, მათ ვერავინ შეაჩერებს. იმის ნაცვლად, რომ ვიფიქროთ, თუ როგორ დავეხმაროთ რუსეთს გადარჩენაში, რომ გახდეს საერთაშორისო საზოგადოების ნორმალური წევრი, დროა, მივიღოთ ის ფაქტი, რომ რუსეთი არ შეიძლება, იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის ნორმალური წევრი. არ მგონია, რომ, რუსეთის დაშლის შემთხვევაში, მსოფლიო ჩამოიშლება. მაგრამ რუსეთს საკუთარი მოქალაქეები დაშლიან, როგორც ეს რუსეთის იმპერიის შემთხვევაში მოხდა”, – თქვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები