მამუკა მდინარაძე: საომარ სიტუაციაშია დღეს უკრაინა – მგონია, რომ ერთმანეთისთვის რაღაცების დაყვედრების დრო არ არის
“საომარ სიტუაციაშია დღეს უკრაინა. მისი თანამდებობის პირები რა განცხადებებსაც არ უნდა აკეთებდნენ, როგორც არ უნდა ცდილობდნენ საქართველოს ომში ჩართვას, მაგალითად უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი გამოდიოდა ასეთი პირდაპირი მოწოდებით, მაინც მგონია, რომ ერთმანეთისთვის რაღაცების დაყვედრების დრო არ არის”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, როდესაც საუბარია ფაქტებზე, გასახსენებელია ის, რომ 2008 წლის ომის პერიოდში შეიარაღება საქართველოს არავისგან მიუღია.
„მაგრამ რადგან საკითხი ასე დადგა, მოდით, უბრალოდ, ფაქტი გავიხსენოთ. 2008 წლის ომის პერიოდში შეიარაღება საქართველოს, მე როგორც ვიცი, საერთოდ არავისგან მიუღია. როგორც ვიცი, ევროპის ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელმაც სცადა ისიც მგონი შესყიდვით, რომ საქართველოში შემოსულიყო საბრძოლო ტექნიკა, საბრძოლო მასალა და იარაღი და ისიც ვერ მოხერხდა. გასაგებია, საომარ სიტუაციაში ურთულესი იყო ამის ზღვით თუ ხმელეთით შემოტანა. 2008 წლის კონტექსტში, უკრაინიდან მანამდე იყო შესყიდვები, ამაზე აჟიოტაჟი და ურთიერთბრალდებები იყო უკრაინაში, გამოძიებაც იყო თუ არ ვცდები და აქ არ ყოფილა ან რამის ჩუქებაზე, ან რომელიმე ინსტრუქტორის მიერ ანაზღაურების გარეშე ვინმეს გაწვრთნაზე, ან ასეთ დახმარებაზე საუბარი. ეს არის ფაქტი. ახლა ამის ლაპარაკი იმიტომ მოგვიწია და იძულებულები იმიტომ გავხდით, რომ ვიღაცას თუ კონტექსტურად არასწორ ემოციას აღუძრავენ, რომ იცით რა, ჩვენ დაგეხმარეთ იარაღით… თუ შესყიდვას გულისხმობენ, გულწრფელი მადლობა, რომ მოგვყიდეს. თუმცა, შემდეგ ერთ-ერთი ოფიციალური უწყების ხელმძღვანელის განცხადება მახსოვს, რომ 80-მდე ქვეყანაზე ვყიდდით იარაღს და მერე რა მოხდა, რომ საქართველოსაც მივყიდეთო. თავის მართლების კონტექსტში იყო ეს განცხადება. კი ბატონო, იყო შესყიდვები. მიყიდეს 2004-2008 წლებში დიდი რაოდენობით და დიდი თანხის სანაცვლოდ შეიარაღება, საბრძოლო მასალა, ტექნიკა თუ ა.შ. თუმცა, 2008 წლის ომის დროს ფიზიკურადაც შეუძლებელი იყო და არც არავინ საყვედურობს ამას. თუმცა, მე რაზეც თქვენ არ გსაყვედურობთ, ოფიციალურმა წარმომადგენელმა ის აქეთ არ უნდა დამიტრიალოს და არასწორი ინფორმაცია არ უნდა გაავრცელოს“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.