აგრარულ საკითხთა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტებმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს

აგრარულ საკითხთა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე კანონმდებლებმა საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში შესატანი ცვლილების პროექტი განიხილეს.

პარლამენტის ინფორმაციით, კანონპროექტი სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა და აღნიშნა, რომ ცვლილების ძირითადი არსი, ქვეყანაში დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების დაზუსტებაა.

„ეკონომიკური ტენდენციების ანალიზის გათვალისწინებით, იცვლება ძირითადი მაკროეკონომიკური და ფისკალური მაჩვენებლები. 2022 წლის რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი განისაზღვრა 10%-ის ოდენობით, ნაცვლად 8,5%-ისა, მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროგნოზი10,5%-დან ჩამოვიდა 9,5%-ზე, ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი განისაზღვრა 72,3 მლრდ ლარის ოდენობით, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები კი – 17 350,0 მლნ ლარის ოდენობით. ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი 3,1%-მდე ჩამოდის და ფაქტობრივი შესრულების მიხედვით შეიძლება 3%-იან ნიშნულზეც ჩამოვიდეს”, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
მომხსენებლის ინფორმაციით ამ წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი 596,7 მლნ ლარით იზრდება. მისივე თქმით, ბიუჯეტში დამატებითი შემოსულობების მიხედვით, საბიუჯეტო ასიგნებების ცვლილებები შემდეგი მიმართულებებით დაიგეგმა: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ასიგნებები იზრდება 330 მლნ ლარით, მათგან 230 მლნ ლარი მოსახლეობის ბუნებრივი აირით შეუფერხებლად მომარაგების მიზნისთვისაა განსაზღვრული, 100 მლნ ლარი კი – მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სოფლების გაზიფიცირების სამუშაოებისთვის. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები იზრდება 95 მლნ ლარით, საიდანაც 55 მლნ ლარი იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების პროგრამაზე მიიმართება, 40 მლნ ლარი კი მოსახლეობის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დასაფინანსებლად გამოიყოფა.
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება გაიზრდება 70 მლნ ლარით, 2,4 მლნ ლარი დაემატება სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს, 10 მლნ ლარით კი გაიზრდება მუნიციპალიტეტებისათვის გათვალისწინებული სპეციალური ტრანსფერი ზოგიერთი მუნიციპალიტეტის შემოსავლებში არსებული დეფიციტის გათვალისწინებით. კომიტეტებმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები