ანა წითლიძე: “ნაცმოძრაობამ“ უნდა გააკეთოს აბსოლუტურად ყველაფერი შესაძლებელი და შეუძლებელიც, რათა გადავარჩინოთ პრეზიდენტის სიცოცხლე, განიხილება ყველანაირი ბერკეტი
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა გააკეთოს აბსოლუტურად ყველაფერი შესაძლებელი და შეუძლებელიც, რათა გადავარჩინოთ პრეზიდენტის სიცოცხლე. განიხილება ყველანაირი ბერკეტი, მათ შორის, აქციები”, – ამის შესახებ “ნაცმოძრაობის” წევრმა, ანა წითლიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პარტიაში უმთავრესი საზრუნავი ექსპრეზიდენტის სიცოცხლის გადარჩენა უნდა იყოს.
„საუბარი არის საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადარჩენაზე, მისი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის ყველა დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მივიჩნევ, რომ პარტიის უმთავრესი საზრუნავი დღეს უნდა იყოს ეს. ყველა ვხვდებით, რომ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის შემდეგ, თუ იქნება უარყოფითი გადაწყვეტილება, ყველაფერი ისე ვერ გაგრძელდება, როგორც არის ახლა. პარტიას მოუწევს რამდენიმე სტრატეგიაზე მუშაობა. დიდი იმედი მაქვს, რომ სასამართლო მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას, მაგრამ სასამართლო თუ გაწირავს სააკაშვილს სიკვდილისთვის, ასეთ დროს უნდა ვიცოდეთ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა გააკეთოს აბსოლუტურად ყველაფერი შესაძლებელი და შეუძლებელიც, რათა გადავარჩინოთ პრეზიდენტის სიცოცხლე. განიხილება ყველანაირი ბერკეტი, მათ შორის აქციები, საპარლამენტო, ნებისმიერი, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება იმისთვის, რომ ამ ბრძოლაში ჩვენ გადავარჩინოთ პრეზიდენტის ჯანმრთელობა და სიცოცხლე“, – განაცხადა წითლიძემ.
ცნობისთვის, „ნაციონალურ მოძრაობაში“ პარტიის სამომავლო სტრატეგიაზე მსჯელობენ. მთავარი თემა მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებაა.