“როდესაც რაკეტები გეწურება, იაფფასიან „მოპედებს“ იყენებ” – ერმაკი ირანული დრონებით რუსეთის თავდასხმაზე
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ რუსების მიერ გამოყენებულ ირანულ დრონებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, ეს შეტევა აშკარად მეტყველებს იმაზე, რომ რუსეთს რაკეტები ეწურება.
„როდესაც ტექნოლოგიურად ჩამორჩენილი ხარ, სანქციებმა ტექნოლოგიებთან წვდომა შეგიზღუდეს, შენი რაკეტები თანდათან იწურება და ტერორისგან სასურველი ეფექტი ჯერ კიდევ არ გაქვს – ყუთიდან იაფფასიან “მოპედებს”იღებ იმ იმედით, რომ ისინი დაგეხმარებიან უკრაინის ძლიერი ხალხის გატეხვაში“, – დაწერა მან.
ამასთან, ერმაკის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა ამ „მოპედების“ განადგურების მეთოდოლოგია უკვე შეიმუშავეს.
“შენ კი ისევ გაცურებული რჩები იმიტომ, რომ შენ რუსეთი ხარ, ჩვენ კი – უკრაინა: უფრო ჭკვიანი, ძლიერი, კრეატიული და თანამედროვე”, – შეაჯამა ერმაკმა.
უკრაინელმა სამხედროებმა ბოლო ერთ დღეში ისევ “შაჰედ-136” (Shahed-136) ტიპის 14 დრონი ჩამოაგდეს, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ, რამდენიმე კვირის განმავლობაში პირველად, მტერმა კვლავ გამოიყენა ირანული კამიკაძე-დრონები.
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსებმა ასეთი დრონები უკანსკნელად 17 ნოემბერს გამოიყენეს.