მაია ნიკოლეიშვილი: სააკაშვილზე ვერც სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლებისა და ვერც სასჯელის გადავადების წესი ვერ გავრცელდება
“მიხეილ სააკაშვილი არა მხოლოდ მსჯავრდებულია, არამედ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულიც გახლავთ, მასზე ვერც სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლებისა და ვერც სასჯელის გადავადების წესი ვერ გავრცელდება”, – ამის შესახებ სასამართლო სამედიცინო ექსპერტმა, მაია ნიკოლეიშვილმა გაზეთ “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში საუბრისას განაცხადა.
მან ინტერვიუში “ემპათიას” სამედიცინო დასკვნის შესახებაც გააკეთა შეფასება.
“როგორც აღმოჩნდა, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ დასკვნას, რომელიც ცენტრ “ემპათიას” მიერ დაქირავებულმა სასამართლო საექსპერტო კომისიამ დადო, არ ერთვის ამერიკელი სპეციალისტის მიერ შესრულებული ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა. სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ დაადასტურა, რომ “ემპათიის” მიერ მომზადებული დასკვნა, რომლის საფუძველზეც სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას ან მთლიანად გადავადებას ითხოვენ სასამართლოში ტოქსიკოლოგიური დასკვნის გარეშე წარადგინა. აქედან გამომდინარე, ისმის კითხვა – თუ ემპათიამ სააკაშვილის კომისიური სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ტოქსიკოლოგის დასკვნის გარეშე მოამზადა, რაზე დაყრდნობით წერია მასში ასეთი რამ – “აუცილებელია, დროული დიაგნოსტიკა ტოქსიკური აგენტების, მათ შორის ქიმიური შენაერთებისა და რადიოაქტიური ნივთიერებების მიმართულებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ინტოქსიკაციის ალბათობის გათვალისწინებით მოსალოდნელია კომა და სიკვდილი”.
ვფიქრობ, ამ საკითხით პროკურატურა უნდა დაინტერესდეს, რადგან სამედიცინო დასკვნის გაყალბება სისხლის სამართლის დანაშაულია და თუ ეს დადასტურდება, ყველა ექსპერტი კანონის წინაშე აგებს პასუხს.
საქართველოს კანონმდებლობით, მსჯავრდებული სასჯელის მოხდისგან თავისუფლდება იმ შემთხვევაში თუ მძიმე და განუკურნებელი სენით არის დაავადებული. ასეთი დაავადებების ნუსხა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის სპეციალური ბრძანებით არის განსაზღვრული და თუ მსჯავრდებულს რომელიმე მათგანი აღენიშნება, შესაძლოა, სასჯელის მოხდისგან გათავისუფლდეს ან სასჯელი გარკვეული ვადით გადაუვადდეს. ასეთ შემთხვევაში იკრიბება სასჯელაღსრულების დეპარტამენტისა და ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივი კომისია, რომელში შემავალი ექიმები ადგენენ რამდენი ხნის სიცოცხლე აქვს დარჩენილი მძიმედ დაავადებულ მსჯავრდებულს და გასცემენ რეკომენდაციას მისი გათავისუფლების შესახებ.
კანონმდებლობით მკაფიოდ არის განსაზღვრული, რომ სასჯელის მოხდისგან გათავისუფლება ან სასჯელის გადავადება მხოლოდ მსჯავრდებულებს, ანუ ისეთ პატიმრებს შეიძლება შეეხოს, რომლებსაც სასამართლოს მიერ უკვე მისჯილი აქვთ კონკრეტული სასჯელი. ხოლო ბრალდებულებს, რომელთათვისაც სასამართლოს განაჩენი ჯერ არ გამოუტანია და სასჯელი არ შეუფარდებია, ეს ნორმა ვერ შეეხება.
იქიდან გამომდინარე, რომ მიხეილ სააკაშვილი არამხოლოდ მსჯავრდებულია, არამედ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულიც გახლავთ, მასზე ვერც სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლებისა და ვერც სასჯელის გადავადების წესი ვერ გავრცელდება.