პარლამენტმა წამლების რეფერენტული ფასების შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა და კანონში შესატანი ცვლილებები დაამტკიცა. პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ამ რეფორმის ამოქმედებით, 2023 წლის ბიუჯეტში 200 მილიონ ლარზე მეტის დაზოგვა მოხერხდება.
რა გავლენას მოახდენს საზოგადოების ეკონომიკურ კეთილდღეობაზე და რა მნიშვნელობა აქვს ფარმაცევტულ ბაზარზე წამლების რეფერენტულ ფასს – ამ საკითხებზე “კვირა” ეკონომიკის ექსპერტს სოსო არჩვაძეს ესაუბრა.
“ჩვენი სახელმწიფო სოციალურად ორიენტირებულია. შესაბამისად, საბიუჯეტო სახსრების მობილიზაციის, ეკონომიკური განვითარების კვალობაზე, სულ უფრო და უფრო მეტი სახსრები გამოიყენება პირდაპირი სოციალური დანიშნულებით. მათ შორის, ერთ-ერთი პრიორიტეტი არის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის გადადგმული ნაბიჯები.
ეს რეფორმა მიმართულია ძირითადად პენსიონერ ადამიანებზე, რომლებსაც სტაბილური, თუმცა, მზარდი პენსიის კვალობაზე, მაინც სხვებთან შედარებით დაბალი შემოსავალი აქვთ. რა თქმა უნდა, დადებითად აისახება საზოგადოების ეკონომიკურ კეთილდღეობაზე, ვინაიდან მათი ხარჯი მედიკამენტებზე შემცირდება.
შედარება რომ მოვახდინოთ, ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი თითქმის 9-ჯერ აღემატება 2003 წლის მთლიან საბიუჯეტო შემოსავლებს – ასეთ მასშტაბებთან გვაქვს საქმე.
სახელმწიფოს პრიორიტეტი არის, რა თქმა უნდა, მოსახლეობის ჯანდაცვა და წვდომა იმ მედიკამენტებზე და სამედიცინო მომსახურებაზე, რომელიც მიზნად ისახავს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას, მათ სოციალურად და ეკონომიკურად აქტიურ რეჟიმში ყოფნას.
შესაბამისად, ის რომ ამ რეფორმის შედეგად მოხერხდება სახელმწიფო ბიუჯეტში 200 მილიონ ლარზე მეტის დაზოგვა, ეს ერთის მხრივ, ადასტურებს ხელისუფლების ერთგულებას აქტიური სოციალური პოლიტიკის ხაზით და მეორეს მხრივ იმას, რომ თვითონ ბიუჯეტს ორნიშნა ეკონომიკური ზრდის კვალობაზე აქვს მეტი შესაძლებლობა უკეთესად დააფინანსოს სხვა მიმართულებები. ეს ტენდენციები და პროცესი შემდგომშიც გაგრძელდება და კიდევ უფრო გაფართოვდება”, – განუცხადა “კვირას” სოსო არჩვაძემ.