გიორგი ხელაშვილი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ სტუდენტებს შეხვდა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – გიორგი ხელაშვილი ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და კახეთის რეგიონში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ სტუდენტებს შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, გიორგი ხელაშვილმა სტუდენტებს პარლამენტის მუშაობის სპეციფიკა გააცნო და კანონშემოქმედებით და საზედამხედველო საქმიანობაზე ესაუბრა. შეხვედრაზე საქართველოს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე.
„განვიხილეთ რეგიონული თანამშრომლობის საკითხები. ვისაუბრეთ საქართველოსთვის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე. სტუდენტებს ასევე აინტერესებდათ, როგორ მიმდინარეობს ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების პროცესი”, – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.
ვიზიტის ფარგლებში, სტუდენტებმა პარლამენტის სასახლე და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი დაათვალიერეს. სტუდენტებთან შეხვედრა ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტის ორგანიზებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობის და მედეგობის მზაობა” ფარგლებში გაიმართა. აღნიშნული პროექტი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან თანამშრომლობით ხორციელდება და მისი მიზანია ახალგაზრდებისთვის სახელმწიფო და დიპლომატიური დაწესებულებების ფუნქციონირების მექანიზმების გაცნობა.